სუს-ი და საგამოძიებო სამსახური 17 სადისტრიბუციო კომპანიაში შევიდნენ – GDBA
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 17 სადისტრიბუციო კომპანიაში შევიდა – ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ს ლაშა რიჟამაძემ, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა დაუდასტურა.
როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული უწყებები კომპანიებისგან ერთი და იმავე ტიპის ინფორმაციას აგროვებენ, თუმცა ზუსტად რა დოკუმენტებს ითხოვენ, რიჟამაძეს არ დაუკონკრეტებია.
“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ამ ეტაპზე 17 სადისტრიბუციო კომპანიაა, საიდანაც დოკუმენტაციის ამოღება ხდება. ჩვენ რამდენადაც ვიცით, ერთი და იგივე ტიპის ინფორმაციის იღებენ და, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურები კოორდინირებულად იღებენ ინფორმაციის. განსხვავებული ფორმატი, ჩვენ რამდენადაც ვიცით, არ არის”, – განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა.
ლაშა რიჟამაძემ BMG-სთან განმარტა, რომ სადისტრიბუციო კომპანიებს უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდების პრობლემა არც აქამდე ჰქონია და ამჯერადაც უკეთესი იქნებოდა, თუ კომპანიებს კვლავ კონკურენციის სააგენტო დაუკავშირდებოდა.
“უწყებების შესვლის შესახებ კომპანიები წინასწარ ინფორმირებული არ იყვნენ. ისედაც არ არსებობს პრობლემა, რომ სადისტრიბუციო კომპანიებმა ნებისმიერი ფორმით მიაწოდონ [უწყებებს] ყველა ის დოკუმენტი, რასაც მოითხოვენ. უმრავლესობამ, ვისაც ეს მოეთხოვა, კონკურენციის სააგენტოს გასულ პერიოდში უკვე მიაწოდეს დოკუმენტაცია და არც ახლა იდგა რაიმე ფორმით მიწოდების პრობლემა.
ალბათ, ყოველთვის ჯობია, რომ ეს ინფორმაცია შესაბამისმა სამსახურებმა, ისეთმა, როგორიც კონკურენციის სააგენტოა დაამუშაონ. ვერ ვხედავ აუცილებლობას, რომ მოულოდნელად სამართალდამცველების ხელით მოხდეს ეს ასე უცებ.
არაერთმა სადისტრიბუციო კომპანიამ, ჯერ კიდევ 2014 წლიდან დაწყებული მონიტორინგის ფარგლებში, გასულ კვირასა და დღეებშიც კონკურენციის სააგენტოს მიაწოდა საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებიც მოითხოვა”, – ამბობს ლაშა რიჟამაძე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სუს-მა და საგამოძიებო სამსახურმა სარეალიზაციო და სადისტრიბუციო კომპანიებიდან დოკუმენტაციის ამოღება დაიწყეს, სავარაუდოდ, “ოცნების” პრემიერ ირაკლი კობახიძის სურსათის გაიაფების რეგულირების პროცესის ფარგლებში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სურსათის ფასების საკითხის დეტალურ შესწავლაზე განცხადება გასული წლის 24 დეკემებრს გაავრცელა. სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.
2025 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრიმა განაცხადა, რომ საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ირაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.

