ახალი ამბები

ეფექტიანობის დეპარტამენტმა თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვის რისკებზე საგამოძიებო უწყებებს მიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წელს შექმნილმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვებსა და პროგრამებში ბიუჯეტის არარაციონალურად და შესაძლო გაუმჭვირვალედ ხარჯვის რისკები გამოავლინა, რის საფუძველზეც მასალები შესაბამის საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნა.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ საქმეებზე უკვე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება.

“მონიტორინგის ფარგლებში შემუშავდა ანგარიში, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება. მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირებული რისკების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა შესაბამის უწყებებს, რომლებსაც, რისკების პრევენციისა და შესაძლო ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის მიზნით, მიეცათ მითითებები და რეკომენდაციები”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პრესრელიზის თანახმად, ეფექტიანობის დეპარტამენტმა გასულ წელს შეისწავლა 114.9 მილიონი ლარის მოცულობის სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები. ამ პროცესის შედეგად, მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ბიუჯეტმა 67.4 მილიონი ლარის ეკონომია მიიღო. თუმცა, ოფიციალურ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, კონკრეტულად რომელ უწყებებსა და პროგრამებს უკავშირდება როგორც დაზოგილი თანხები, ასევე გაუმჭვირვალე ხარჯების მხრივ გამოვლენილი რისკები.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, იდენტიფიცირებული პრობლემების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო შესყიდვების მართვას ეხება. BMG-იმ უწყებას მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის 2025 წლის ანგარიშის მოწოდების მოთხოვნით მიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მიღებული 2025 წლის 27 მაისის დადგენილებით ეფექტიანობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები საკონსულტაციო მომსახურების გაწევით შემოიფარგლება.

დადგენილების თანახმად უწყების ამოცანებია:

“კომპეტენციის ფარგლებში, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში:

რისკების გამოვლენა, მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებათა შეფასებისა და მათზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, რისთვისაც იგი უფლებამოსილია, გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია;

მონიტორინგისა და კონტროლის პროცედურების განხორციელება, შესაბამისობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით,”- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში, რომელიც ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობას განსაზღვრავს.