ცხოველური ნარჩენების მართვა საქართველოში მნიშვნელოვანი გამოწვევაა – სოლომონ პავლიაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა სოლომონ პავლიაშვილმა და ლაშა დოლიძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების მართვის საკითხები განიხილეს.
„ცხოველური ნარჩენების მართვა საქართველოში მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სასაკლაოებში, ბაზრებსა და ფერმებში წარმოქმნილი ცხოველური ნარჩენების სწორი მართვა კრიტიკულია როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ისე გარემოს დაცვისა და ეკონომიკური მდგრადობის თვალსაზრისით. ჩვენი ამოცანაა, ბიზნესსექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობით, უზრუნველვყოთ ეფექტიანი სისტემის ფუნქციონირება“, – განაცხადა პავლიაშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ლაშა დოლიძემ აღნიშნა, სახელმწიფო ბიზნესსექტორს სხვადასხვა მხარდამჭერ პროგრამებს შესთავაზებს. „ამჟამად, სოფლის განვითარების სააგენტოში მიმდინარეობს პროგრამული რეორგანიზაციის პროცესი. ჩვენი მიზანია, ბიზნესსექტორის საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით გადაიხედოს ან შეიქმნას ახალი მხარდამჭერი პროგრამები“, – განაცხადა ლაშა დოლიძემ.
საუბარი ასევე შეეხო ვადების დაცვის საკითხს. აღინიშნა, რომ სამუშაო ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

