ახალი ამბები

სოციალურად დაუცველებს კომუნალური გადასახადების ნაწილი დაუსუბსიდირდებათ

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ელექტროენერგიის გადასახადი 2026 წელსაც დაუსუბსიდირდებათ – აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილებები, რომლებიც მთავრობის დადგენილებაში უკვე შევიდა.

უფრო კონკრეტულად, ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 150 ათასამდეა.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 6 თვის განმავლობაში, სხვა ყველა შემთხვევაში კი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ვის და რა პირობით დაუსუბსიდირდება კომუნალური გადასახადები

„დახმარების სახით განხორციელდეს ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტ-სთ-ის ელექტროენერგიის სუბსიდირება 1 კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრის ოდენობით, შემდეგი პირობებით:

ა) 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა;

ბ) 2026 წლის 1 აპრილიდან 2026 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

გარდა ამისა, დადგენილების თანახმად, ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს, რომელთაც სარეიტინგო ქულაც 70 ათასს არ აჭარბებს, სასმელი წყლის გადასახადიც დაუსუბსიდირდებათ.

„2026 წლის იანვრის თვიდან 2026 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით (თითოეული თვისათვის) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ან ტოლია 70 000-ის და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისში, ქალაქ რუსთავში ან ქალაქ მცხეთაში, დახმარების სახით განხორციელდება სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება, მოხმარებული სასმელი წყლის/წყალარინების ან სააბონენტო გადასახადის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა“, – ვკითხულობთ დადგენილებაში.