რა ტარიფები დადგინდა საირიგაციო წყალზე
მელიორაციის სისტემებზე განლაგებული მცირე ჰესები წყლის სარგებლობის საფასურს გადაიხდიან. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიამ ის ფორმულა უკვე განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც, მცირე ჰესის მიერ „საქართველოს მელიორაციისთვის“ გადასახდელი თანხა დადგინდა. სემეკი არ ელის, რომ ტარიფს ასეთი ჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ფასზე გავლენა ექნება. სემეკმა „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები“ 2025 წლის 29 დეკემბერს დაადგინა და ის ძალაში 2026 წლის 1 აპრილიდან შევა.
ტარიფები დადგინდა მათ შორის საირიგაციო წყალზეც. კერძოდ, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციაში გაერთიანებული იმ ფერმერებისთვის, რომლებიც საფასურს მრიცხველის შესაბამისად იხდიან, წყლის მიწოდების ტარიფი 1 კუბ. მეტრზე 3.5 თეთრს შეადგენს, ინდივიდუალური ფერმერებისთვის ტარიფი 8 თეთრით განისაზღვრა.
იმ ფერმერებისთვის, რომლებიც სარწყავი წყლის გადასახადს ჰექტარის მიხედვით იხდიან, ერთწლოვანი კულტურის ერთი მორწყვა 1 ჰა-ზე დღგ-ს ჩათვლით 116.5 ლარი იქნება. მრავალწლოვან კულტურაზე – 102 ლარი.
აღნიშნულ საკითხებზე „საქმის კურსთან“ სემეკის წევრმა გივი სანიკიძემ ისაუბრა.

