რამდენი იქნება საჯარო სკოლებში მედპერსონალის და უსაფრთხოების თანამშრომლების ხელფასი?
მთავრობის ახალი დადგენილებით, საჯარო სკოლებს დამატებითი დაფინანსება გამოეყოფათ სამედიცინო კაბინეტების/პუნქტების ფუნქციონირების, სასკოლო უსაფრთხოებისა და ბილინგვური განათლების მხარდაჭერის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ 2026 წელს მასწავლებლების ხელფასი არ გაზრდილა. “ოცნების” მთავრობის ოფიციალური პოზიციით, მიზეზი გასულ წლებში ხელფასის მაღალი ზრდა გახდა.
დადგენილების მიხედვით, სამედიცინო კაბინეტის ან პუნქტის ფუნქციონირებისთვის შერჩეულ საჯარო სკოლებს, ძირითადი დაფინანსების გარდა, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი თანხა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პერსონალის ანაზღაურებისთვის. კერძოდ, სკოლის ექიმის ანაზღაურება 960 ლარით განისაზღვრა (აქამდე 800 ლარი იყო), ხოლო სკოლის ექთნის — 800 ლარით (იყო 670 ლარი). აღნიშნულ თანხებს დაემატება საპენსიო შენატანი დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით.
ამავე დადგენილებით, იმ საჯარო სკოლებს, სადაც მანდატურის სამსახური არ ფუნქციონირებს, ყოველთვიურად გამოეყოფათ 150 ლარი სასკოლო ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე უფლებამოსილი პირის შრომის ანაზღაურებისთვის, ასევე გათვალისწინებულია საპენსიო შენატანი დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით.
დამატებითი დაფინანსება განისაზღვრა არაქართულენოვან საჯარო სკოლებსა და სექტორებში ბილინგვური განათლების დანერგვის მიზნითაც. სამინისტროს მიერ შერჩეულ სკოლებს ბილინგვური სწავლების სპეციალისტის შრომის ანაზღაურებისთვის ყოველთვიურად 1 130 ლარი გამოეყოფათ, რასაც ასევე დაემატება საპენსიო შენატანი.

