ახალი ამბები

რომელი უწყებების შემოწმებას აპირებს აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2026 წელს 47 აუდიტის ჩატარებას გეგმავს, რითაც ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 96%-ის დაფარვაა დაგეგმილი, – ამის შესახებ ირკვევა აუდიტორული საქმიანობის მიმდინარე წლის გეგმაში.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს აუდიტის სამსახურმა ჯამში 44 აუდიტი ჩაატარა, ხოლო ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის დაფარვამ 95% შეადგინა. გეგმის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს სამსახურის აუდიტის რაოდენობის ზრდას აპირებს.

2026 წელს განსაზღვრულია 5 ფინანსური აუდიტის ჩატარება:
2 ფინანსური აუდიტი − ცენტრალური ბიუჯეტი;
1 ფინანსური აუდიტი − აჭარის ა/რ-ის ბიუჯეტი;
1 ფინანსური აუდიტი − აფხაზეთის ა/რ-ის ბიუჯეტი;
1 ფინანსური აუდიტი − მუნიციპალური ბიუჯეტი.
ფინანსური აუდიტებით დაიფარება სახელმწიფო ბიუჯეტის 100%, აჭარის ა/რ-ის ბიუჯეტის 100%, აფხაზეთის ა/რ-ის ბიუჯეტის 100% და მუნიციპალური ბიუჯეტების 38%.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს დაგეგმილია 5 უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტი.

„უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტების ჩატარება აუდიტის სამსახურის ახალი მიმართულებაა და მიზნად ისახავს საჯარო სექტორში სისტემური ხასიათის ნაკლოვანებების გამოვლენას“, – აღნიშნულია ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისო შესაბამისობის აუდიტის ჩატარება იგეგმება შემდეგი მიმართულებით: სახელმწიფო უწყებების საოფისე ხარჯები; თავდაცვის სამინისტროს, შსს-სა და პენიტენციური სამსახურის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები; სპორტული ფედერაციების საქმიანობის შესაბამისობა; მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების მართვის პროცესის სისტემური შესაბამისობის აუდიტი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი.

ამასთანავე, 2026 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმით განისაზღვრა 30 შესაბამისობის (თემატური) აუდიტის ჩატარება, აქედან:
ცენტრალური ხელისუფლების დონეზე − 15 შესაბამისობის აუდიტი;
აჭარის ა/რ-ში − 5 შესაბამისობის აუდიტი;
აფხაზეთის ა/რ-ში − 2 შესაბამისობის აუდიტი;
მუნიციპალიტეტებში − 8 შესაბამისობის აუდიტი.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წელს დაგეგმილია 30 მიმართულებით შესაბამისობის აუდიტის ჩატარება, ჩამონათვალი კი ასე გამოყურება:

საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“;
მუნიციპალური განვითარების ფონდი;
საზოგადოებრივი მაუწყებელი;
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა;
სოფლის განვითარების სააგენტო;
ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება;
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის სახელმწიფო შესყიდვები;
იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა;
სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემის ─ „საქრუსენერგო“;
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;
აწარმოე საქართველოში;
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“;
სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა;
შპს „ბათუმის წყალი“;
ქედის მუნიციპალიტეტის 2024- 2025 წლების საქმიანობა;
შუახევის მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობა;
ხულოს მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობა;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტის ─ „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა“ ─ ფარგლებში პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულება და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა;
ა(ა)იპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო- ანალიტიკური ცენტრის“ მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა;
თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა და განკარგვა;
ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობა;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობა;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობა;
მარნეული მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობა;
საგარეჯო მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობა;
წყალტუბო მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობა.
დაბოლოს, აუდიტის სამსახური მიმდინარე წელს აპირებს 7 ეფექტიანობის აუდიტის ჩატარებას, რაც მთლიანი აუდიტორული საქმიანობის (47 აუდიტი) 15%-ს შეადგენს.

„ეფექტიანობის აუდიტი თანამედროვე საჯარო სექტორის აუდიტის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სახელმწიფო მმართველობის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შესაფასებლად. ეფექტიანობის აუდიტი მიზნად ისახავს შეაფასოს, რამდენად იქნა მიღებული გადახდილი ფასის შესაბამისი სარგებელი. ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება ხელს უწყობს საჯარო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას, მათ მიზანმიმართულად და ეფექტიანად გამოყენებას”, – აღნიშნულია ანგარიშში.