საქართველოს რამდენმა მოქალაქემ მიიღო აშშ-ის საიმიგრაციო ვიზა 2020-2024 წლებში
საქართველოს რამდენმა მოქალაქემ მიიღო აშშ-ის საიმიგრაციო ვიზა 2020-2024 წლებშისაქართველოს რამდენმა მოქალაქემ მიიღო აშშ-ის საიმიგრაციო ვიზა 2020-2024 წლებში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, იგეგმება საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერება 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის. შეზღუდვა შეეხება იმ უცხოელებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლას გეგმავენ. ამასთან, გადაწყვეტილება არ ვრცელდება მოკლევადიან ვიზებზე, როგორებიცაა დროებით დასაქმება, სტუდენტური, ტურისტული და მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული ვიზები.
საერთაშორისო მედიაში უკვე გავრცელდა იმ ქვეყნების სრული სია, რომელთა მოქალაქეებისთვისაც აშშ ვიზებს აღარ გასცემს – ამ ქვეყნების ჩამონათვალშია საქართველოც.
ქვეყნების სრული ჩამონათვალი ასეთია: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია, ბრაზილია, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დ’ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.
როგორია აშშ-ის მიერ გაცემული საიმიგრაციო ვიზების რაოდენობა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს მონაცემებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ 2024 წელს 612 258 საიმიგრაციო ვიზა გასცა, რაც 2023 წელთან შედარებით 8.8%-იანი ზრდაა. კერძოდ, 2023 წელს საიმიგრაციო ვიზების რაოდენობამ 562 976 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მიერ გაცემული საიმიგრაციო ვიზების რაოდენობა ბოლო ხუთ წელში 2.5-ჯერ გაიზარდა. ასე მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს მონაცემები აჩვენებს, რომ 2020 წელს 240 526 ვიზა გაიცა, ხოლო 2024 წელს – 612 258 ვიზა.
ბოლო 5 წლის სტატისტიკა ასე გამოყურება:
2020 წელი – 240 526 ვიზა;
2021 წელი – 285 069 ვიზა;
2022 წელი – 493 448 ვიზა;
2023 წელი – 562 976 ვიზა;
2024 წელი – 612 258 ვიზა.
რამდენი საიმიგრაციო ვიზაა გაცემული საქართველოს მოქალაქეებზე
რაც შეეხება საქართველოს, 2020-2024 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მოქალაქეებზე ჯამში 6 570 საიმიგრაციო ვიზა გასცა. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში გაცემული საიმიგრაციო ვიზების რაოდენობა ზრდის დინამიკით ხასიათდებოდა.
უფრო კონკრეტულად: 2020-2024 წლებში საქართველოს მოქალაქეებზე აშშ-ის მიერ გაცემული საიმიგრაციო ვიზების რაოდენობა ასე გამოყურება:
2020 – 746 ვიზა;
2021 – 652 ვიზა;
2022 – 1 958 ვიზა;
2023 – 1 397 ვიზა;
2024 – 1 817 ვიზა.
როგორც ვნახეთ, 2024 წელს ამერიკამ საქართველოს მოქალაქეებზე 1 817 საიმიგრაციო ვიზა გასცა. აქედან ვიზების უდიდესი ნაწილი (1 127 ვიზა) გაცემულია ე.წ დივერსიფიკაციის პროგრამის ფარგლებში, რაც მოიცავს Green Card-ის გათამაშებას.
ამასთანავე, 418 საიმიგრაციო ვიზა გაიცა საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც აშშ-ში უახლოესი ნათესავები ჰყავთ (მშობლები, მეუღლე და ა.შ.) ამავე დროს 188 საიმიგრაციო ვიზაა გაცემული იმ პირებზე, რომელთა ნათესავებიც, რომლებიც წინა კატეგორიაში არ შედიან (მაგ. და/ძმა), აშშ-ის მოქალაქეები არიან.
გარდა ამისა, 66 საიმიგრაციო ვიზაა გაცემული საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც აშშ-ის არმიის ან სხვა კონტინგენტის თანამშრომლები არიან და სპეციალური პროგრამით სარგებლობენ. 18 საიმიგრაციო ვიზა კი დასაქმების საფუძველზეა გაცემული.

