აპრილიდან პლასტიკის მოხმარება კიდევ ერთი რეგულაციით შეიზღუდება
პლასტიკის მოხმარების შემცირების მიზნით, 2026 წლის 1 აპრილიდან კიდევ ერთი ახალი რეგულაცია ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, აიკრძალება პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შეძენა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებენ.
ამასთან, როგორც სამინისტრო განმარტავს, განკარგულება არ ვრცელდება იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც ხორციელდება თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის.
“გარემოს პლასტმასით დაბინძურების პრევენციისა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე მნიშვნელოვანი ზეწოლის შემცირების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ რეგულაციებს აწესებს.
სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის თანახმად, პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შეძენა იკრძალება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო შესყიდვებს. განკარგულება არ ვრცელდება იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც ხორციელდება თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის.
განკარგულება 2026 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება”,- აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა სამინისტროში.
ცნობისთვის, 2026 წლის პირველი იანვრიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია უკვე აკრძალულია.

