ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, შაქრიან და ალკოჰოლურ სასმელებზე გადასახადები გაამკაცრონ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) მოუწოდებს მთავრობებს, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლურ სასმელებზე გადასახადები გაამკაცრონ.
ჯანმო-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ სუსტი საგადასახადო სისტემები საშუალებას აძლევს მავნე პროდუქციას, შეინარჩუნოს დაბალი ფასი, მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სისტემები არაგადამდები დაავადებების აღმოფხვრის ნაწილში მზარდი ფინანსური ზეწოლის წინაშე დგანან.
„თამბაქოს, შაქრიანი სასმელებისა და ალკოჰოლის მსგავს პროდუქტებზე გადასახადების გაზრდით, მთავრობებს შეუძლიათ, შეამცირონ მავნე მოხმარება და გამოათავისუფლონ სახსრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სერვისებისთვის“, – განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სულ მცირე 116 ქვეყანას აქვს გადასახადები შაქრიან (ძირითადად გაზიან) სასმელებზე, თუმცა, ბევრი სხვა მაღალი შაქრის შემცველობის პროდუქტი, როგორიცაა 100%-იანი ხილის წვენები, დაშაქრული რძიანი სასმელები, მზა ყავა და ჩაი, თავს არიდებს გადასახადის გადახდას.
ამასთანავე, ჯანმო-ს განცხადებით, ალკოჰოლურ სასმელებზე გადასახადი სულ მცირე 167 ქვეყანას აქვს, ხოლო 12 ქვეყანა საერთოდ კრძალავს ალკოჰოლს. მიუხედავად ამისა, 2022 წლიდან ალკოჰოლის ფასი უმეტეს ქვეყნებში უფრო ხელმისაწვდომი გახდა ან უცვლელი დარჩა, რადგან გადასახადები ვერ ეწევა ინფლაციასა და შემოსავლების ზრდის ტემპს. ამას ემატება ისიც, რომ ღვინო კვლავ დაუბეგრავია სულ მცირე 25 ქვეყანაში, ძირითადად ევროპაში.

