ახალი ამბები

გრამი ოქრო შესაძლოა, 400 ლარი გახდეს

მსოფლიო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდებს ამყარებს. Gold Price-ს მონაცემებით, ბოლო 30 დღეში ოქრო 6.7%-ით გაძვირდა. ამ ეტაპზე, 1 უნცია ოქროს ღირებულება 4 587 დოლარს შეადგენს.

გლობალური გაძვირება უკვე აისახა თბილისის „ოქროს ბირჟაზე“. თუმცა, როგორც დასაქმებულები ამბობენ, არა იმ მასშტაბით, როგორც ეს მსოფლიო ბირჟაზე ხდება.

ძვირფასი ნაკეთობის ექსპერ-შემფასებელმა გულიკო მორჩიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, რომ თუ ოქრო გლობალურ ბირჟაზე კიდევ გაძვირდა, ფასმა საქართველოში, შესაძლოა, 50-დან 100 ლარამდე მოიმატოს.

„მართლა ძალიან მოიმატა ფასმა, თუმცა ჩვენთან გვიან აისახება ხოლმე. მაგ ფასებს ზუსტად რომ გაჰყვე, 450-500 ლარი გამოდის. გლობალური გაძვირება აისახა, როგორ არ აისახა, მაგრამ ისეთი მცირე რაოდენობით, რომ თქმაც არ ღირს. 280-დან 300 ლარამდეა გრამი ოქროს ფასი ახლა. ახალი წლის შემდეგ მოიმატა მცირედით ფასმა. რაც შეეხება ე.წ. ბაჯაღლოს, ამ დროისთვის ერთი გრამი 380 ლარი ღირს.

კიდევ ველოდებით გაძვირებას. ამბობენ, რომ უნცია უნდა გახდეს 5000 დოლარი. უნცია თუ 5000 დოლარი გახდება, წარმოიდგინეთ, რა მოხდება. შეიძლება, სადღაც 20-25%-ით გაგვიძვირდეს გრამი. ეს სურათი თუ დადგება, დაახლოებით 400 ლარი გახდება გრამი ოქროს ფასი, უფრო მეტად მოიმატებს „ბაჯაღლოს“ ფასი, საერთო ჯამშო 50-100 ლარით გაძვირება შესაძლებელია.

თუმცა იმ თანხას რომ მივყვეთ ზუსტად, რაც საერთაშორისო ბირჟაზეა, ვერ შესწვდება ვერავინ, რომ იყიდოს. არსებულ ფასებს წვდება ჯერჯერობით ხალხი, როგორც ჩანს. ჯერ ყიდულობენ, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება“, – განაცხადა გულიკო მორჩიაშვილმა.