ახალი ამბები

რა ისტორიას ინახავს ჭერემის ნაქალაქარი

ჭერემის ნაქალაქარი — არქეოლოგიური, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი, შუა საუკუნეების ქალაქია აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიულ ჰერეთში, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის დასავლეთით 5 კმ-ის დაშორებით. მდებარეობს გომბორის ქედის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ჭერმისხევის (მდ. ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა, მაღალ ნაპირზე.

საისტორიო წყაროებში ქალაქ ჭერემის ლოკალიზაციის, ქრონოლოგიის, საეკლესიო კათედრის დაწესების, სპარსთა ლაშქრობისა და მისი მარშრუტის შესახებ დაცული ცნობები მნიშვნელოვნად შეავსო ნაქალაქარის არქეოლოგიურმა გამოკვლევამ, რომელსაც 1970 წლიდან ათი წლის განმავლობაში ეწეოდა კახეთის არქეოლოგიური ექსპედიცია. შედეგად სოფლის ტერიტორიასა და მის შემოგარენში გამოვლინდა ქვის, ადრინდელი ბრინჯაოს, გვიანდელი ბრინჯაო-რკინის ხანისა და შუა საუკუნეების ძეგლები. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ქალაქ ჭერემის აგება და იქ საეპისკოპოსოს დაარსება ვახტანგ გორგასალს უკავშირდება.

წყაროების მიხედვით V საუკუნის II ნახევარში ხდება ჭერემისა აღმოსავლეთიდან მომავალ სავაჭრო გზაზე მდებარე დასახლებების სტრატეგიულ პუნქტებად გადაქცევა, რასაც თან სდევდა საეპიკოპოსო კათედრების დაარსება. საგარეო ფაქტორებმა გამოიწვია კახეთ-ჰერეთის საეკლესიო ცენტრის გადანაცვლებამ ბარიდან მთისკენ. წყაროების მიხედვით V საუკუნის II ნახევარში ვახტანგ გორგასალი ჭერემში საეპიკოპოსოს დაარსებასთან ერთად აშენებს ციხესიმაგრეს, რომლის აგებსასთან ერთად იქმნება მთელი ხმარის გამაგრების სისტემაც. აქ ციხეებით ჩაკეტილია ყველა ხეობა. როგორც ალაზნის, ისე ივრის ველიდან ქალაქ ჭერემსაც თავისი გამაგრების სისტემა ჰქონია. ჭერემის ჩრდილოეთით, ტბაწვერის მთაზე გამოვლენილია კოშკის ნანგრევები, რომელიც V საუკუნეს განეკუთვნება.

გორგასლის გარდაცვალების შემდეგ ჭერემი დაინგრა ირანელების შემოსევების შედეგად. XVII საუკუნის მეორე ნახევრის ისტორიულ საბუთებში მოიხსენიება ჭერემის ეპისკოპოსები. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ჭერემი უკვე აოხრებულია და საჭერემლოს სამწყსოს ნინოწმინდელი ეპისკოპოსი განაგებდა.

არქეოლოგიური ძეგლებიდან უძველესია სოფლის ტერიტორიაზე აკრეფილი ქვის ხანის კაჟისაგან დამზადებული იარაღები. სოფლის განაპირას, კვირიკეს გორაზე, აღმოჩნდა გვიანდელი ენეოლითური ხანის ნამოსახლარის ნაშთები, რომლებიც ძირითადად სამეურნეო ორმოებსა და შენობების ქვის ფრაგმენტებს შეიცავს. სოფლის დასავლეთით ადგილ საღანძილეში გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ნაშთები. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სოფელთან და სოფლის აღმოსავლეთით, წვეროდაბალის ბორცვზე გვიანდელი ბრინჯაო-რკინის ხანის რამდენიმე ნამოსახლარი გამოავლინა. ამავე ტერიტორიაზე არის ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის ძეგლებიც.

დღევანდელი სოფლის ტერიტორიასა და წვეროდაბალის ბორცვზე, სადაც გორგასლისეული ქალაქ ჭერემის უბნების არსებობაა დადასტურებული, გამოავლინეს და შეისწავლეს III-IV საუკუნეების ქალაქური ტიპის დასახლება და სამაროვანი. სამაროვანზე აღმოჩენილი მასალა: მინის ჭურჭელი, მძივები, სხვადასხვა სამკაულები და მონეტები აღმოსავლეთთან დაკავშირებულ სავაჭრო გზაზე მიუთითებს. ამ გზას უნდა გულისხმობდეს ჯუანშერი, როდესაც აღწერს სპარსეთის ლაშქრის მარშრუტს. სწორედ ამ გზამ შეუწყო ხელი ჭერემისა და ამ გზაზე მდებარე სხვა პუნქტების (ხორნაბუჯი, ველისციხე, უჯარმა) წინ წამოწევასა და გაქალაქებას. როგორც ირკვევა ქალაქი ჭერემი ვახტანგ გორგასლამდე არსებული პუნქტი იყო და რამდენიმე უბნისაგან შედგებოდა. მისი ერთ-ერთი უბანი კი დღევანდელი სოფლის ტერიტორიასაც მოიცავდა, სადაც მომდევნო საუკუნეებში ინტესიური ცხოვრების კვალი ჩანს.

სოფელ ჭერემის ტერიტორიაზე, სკოლის მშენებლობის დროს, გამოვლინდა და გაითხარა III-VII საუკუნეების სამაროვანი. სამარხები კოლექტიური ქვისსამარხებია. გამონაკლისს წარმოადგენს ქვის ფილით გადახურული 4 ორმოსამარხი. III-IV საუკუნეების სამარხებში საკმაოდ მდიდრული ინვენტარია წარმოდგენილი: თიხის ჭურჭელი, რკინის მოხრილი ან სწორი დანა; მრავლადაა სამკაულიც. ყველა სამარხში გვხვდება ბეჭდები. მათ შორის რამდენიმე გემიანიც. გემები რომაულია. სამაჯურები ორი ტიპისაა: თავებგადახვეული და თავებგახსნილი. შედარებით მცირეა საყურეები.

გვხვდება „წიწიბოსებრი“ საყურე და ორწილადი საყურის სხვადასხვა ვარიანტი. დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი კონუსური მოყვანილობის, როგორც სადა, ისე დაფანჯრული ზარაკები. სამარხებში დიდი რაოდენობით იყო მძივები. სამოსელთან დაკავშირებული ნივთებიდან აღსანიშნავია: ვერცხლისა და რკინის ერთწილადი და ორწილადი საკინძები. ცოტაა მშვილდსაკინძები. სამარხებში გვხვდება მონეტები: ავგუსტუსისა და გოტარზესი. არის ავგუსტუსის მინაბაძიც (1 ც). IV და IV-V საუკუნეების სამარხებში ინვენტარი კლებულობს. კერამიკა უკვე სამარხის აუცილებელი ინვენტარი აღარ არის. იშვიათად გვხვდება მშვილდსაკინძი და ერთი მასალისგან დამზადებული საკინძები. მძივების რაოდენობა საგრძნობლად კლებულობს. გვხვდება ოთხკუთხაფარაკიანი ბეჭედი, რომელიც III-IV საუკუნეების სამარხებში არ ჩანდა. V-VI საუკუნეების დასაწყისის სამარხებში კიდევ უფრო კლებულობს ინვენტარი. გვხვდება ორწილადი საყურეები, სამაჯურები, მშვილდსაკინძები.

არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად სოფლის განაპირას გამოავლინეს III-IV საუკუნეების ნამოსახლარი ბორცვი, რომელიც დღესაც წმინდა ადგილადაა მიჩნეული. ადგილობრივების გადმოცემით აქ მდგარა წმინდა მარინეს სახელობის პატარა ეკლესია, რომლის შემორჩენილი კედლები 1934-1935 წლებში დაუნგრევიათ. გათხრების შედეგად გაირკვა, რომ ეკლესია დარბაზული ყოფილა (5,9 X 4 მ), ნახევარწრიული აფსიდით დასავლეთიდან შესასვლელით. ნაგები ყოფილა მოზრდილი ზომის თლილი ქვით. ნაეკლესიართან ადრინდელი შუა საუკუნეების ქვის სამარხებია გამოვლენილი.

განვითარებულ შუა საუკუნეებში ჭერემის ციტადელში მონასტერი იყო განთავსებული. ვახტანგ გორგასლისეული სასახლის ნანგრევებზე მონასტრის სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების ნაშთებია გამოვლენილი. მათ შორისაა წრიული გალავნით შემოზღუდული, მოზრდილი ქვის ფილებით მოგებული სამეურნეო ეზო, რომლის დასავლეთ ნაწილში სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა მთელი კომპლექსია – მარანი და მისგან ვიწრო მოფილაქნებული გზით გამოყოფილი ხაროებიანი სათავსი. რომლის დასავლეთით და სამხრეთით სხვა სათავსებია, ჩრდილოეთით კი – ორსაწნახლიანი მარანი.

სამეურნეო ეზოს აღმოსავლეთით გამოვლინდა და გაიწმინდა სასახლე, რომელიც ისეთივე წყობითა და მასალითაა ნაგები, როგორითაც ციხე-დარბაზი. შენობის პარამეტრებია 30,5X15,7 მ და მასში განთავსებულია ერთმანეთისაგან ვიწრო დერეფნებით გამიჯნული სამი დარბაზი. სამივეს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნაგებობა, როგორც ჩანს ორსართულიანი ყოფილა და მის ქვედა სართულს სამეურნეო დანიშნულება ჰქონია, რაზედაც სამეურნეო დანიშნულების ორმოები და მოზრდილი ჭურჭელი მიუთითებს.

XVIII საუკუნის შუა ხანებში ჭერემის საეპისკოპოსო განლაგებული იყო ცივ-გომბორის ქედის ორივე მხარეს, შიდა კახეთში მას ეკავა ტერიტორია კონდოლიდან ვეჯინამდე, გარე კახეთში კი – მელაანიდან შიბლიანამდე. 1757 წელს მეფე თეიმურაზ II-მ დაღესტნელი ფეოდალების თავდასხმების შედეგად გაპარტახებული ჭერემის საეპისკოპოსოს ეპარქიის მიწები ალავერდის, ბოდბისა და ნინოწმინდის საეპისკოპოსოებს დაუნაწილა.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ნაქალაქარს და მის ტერიტორიაზე მდებარე X-XI საუკუნეების სამეკლესიიან ბაზილიკას, V საუკუნის წვეროდაბალის წმინდა გიორგის ეკლესიას, VIII-IX საუკუნეების მცირე გუმბათიან ეკლესიას, სასახლეს, გალავანასა და სხვა ნაგებობებს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.