ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა და დამატებით 1 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს, სადაც ნათქვამია რომ საპროცესო შეთანხმების თაობაზე სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

“საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით აღკვეთა განესაზღვრა.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.

ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა”, – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც 9-დან 12 წლამდე გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას. სსკ-ის აღნიშნული მუხლი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ეხება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. პროკურატურა ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. უწყება ღარიბაშვილის მიმართ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასაც მოითხოვდა, რაც საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას გულისხმობდა. 24 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე სხდომა გაიმართა. ექსპრემიერი სასამართლოში მივიდა და სხდომას დაესწრო. პროცესს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე უძღვებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს გირაოს სახით 1 მილიონი ლარი შეუფარდა. მას აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.

დღეს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე პროცესი 1 თვით ადრე ჩაინიშნა, თუმცა ადვოკატები მედიის ზარებს არ პასუხობდნენ.