ახალი ამბები

თოვა, ქარბუქი, ზღვაზე შტორმი – 13-14 იანვარს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 იანვარს, საქართველოში ამინდი გაუარესდება.

“13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის სახით, 14 იანვარს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე – თოვა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მთიან რაიონებში მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).