“24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების ერთგულნი ვართ” – საელჩოები მზია ამაღლობელის დაკავებაზე
მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა.
ევროკავშირის საელჩო საქართველოში და სხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიები გასულ წელს 24 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას აზიარებენ და წერენ: “დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა. 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ”
2025 წლის 6 აგვისტოს ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაგმეს და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოუწოდეს.
“24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითჩვენ, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, რომლებიც წარმოვადგენთ მედიის თავისუფლების კოალიციის წევრ ქვეყნებსა და მოკავშირე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში, ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზირებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებლმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.მზია ამაღლობელის საქმე და “ბათუმელებსა” და “ნეტგაზეთზე” განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით.ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2024 წლის 20 დეკემბერს მედიის თავისუფლების კოალიციის მიერ გავრცელებული განცხადების გზავნილს, ვგმობთ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე ყველანაირ ძალადობასა და მათ დაშინებას.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას” – ნათქვამია განცხადებაში.
12 იანვარს ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი პატიმრობაშია. მისი გათავისუფლების მოთხოვნით, საღამოს 20:00 საათზე მარში გაიმართება, რომელიც მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და გალაკტიონის ხიდისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველზე, პარლამენტთან დასრულდება.
დამოუკიდებელი მედია პლატფორმების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, სისხლის სამართლის წესით, 2025 წლის 12 იანვარს, ღამით დააკავეს. მანამდე რამდენიმე საათით ადრე კი ადმინისტრაციული წესით, ბათუმის პოლიციის შენობის ეზოს ღობეზე სტიკერის მიკვრის გამო. დაკავებამდეც და დაკავების შემდეგაც, მზია ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, როგორც პოლიციელთა ჯგუფის, ისე პირადად პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან, თუმცა სახელმწიფოს მზიას უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები დღემდე არ გამოუძიებია, მის საქმეში მონაწილე პოლიციელები და პროკურორები კი ან დააწინაურეს ან სხვა თანამდებობებზე გადაიყვანეს.
ამ ერთი წლის განმავლობაში, მზია ამაღლობელი იქცა სიტყვის თავისუფლებისა და საქართველოს წინააღმდეგობის ძლიერ სიმბოლოდ, რომლის ხმაც გისოსებიდან მთელ ევროპასა და ცივილიზებულ სამყაროში ისმის. საქართველო კი სწორედ მზიას საქმის გამო პირველად აღმოჩნდა იმ ავტორიტარული ქვეყნების სიაში, რომლებსაც სინდისის პატიმარი ჟურნალისტები ჰყავთ.

