“დელტა” კახეთში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ტექნიკურ განახლებას €76 ათასად გეგმავს
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის განახლებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვას გეგმავს.
პროექტი ეხება METEOR 735CDP10 ტიპის სარადარო სისტემას, რომელიც კახეთის რეგიონში სეტყვასაშიში პროცესების გამოვლენისა და ზიანის პრევენციისთვის გამოიყენება. აღნიშნული სარადარო სადგური საქართველომ 2014 წლის თებერვალში 897 ათას ევროდ შეიძინა და ახლა მისი ტექნიკური განახლება უნდა ჩატარდეს.
შესყიდვის ღირებულება 76 247 ევროს შეადგენს და ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2026 წლის 20 იანვრიდან 31 დეკემბრამდე განისაზღვრება. დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურება მოიცავს რადარის ტექნიკურ მხარდაჭერას, პროგრამებისა და ლიცენზიების განახლებას, ასევე სისტემის გეგმიურ სრულ შემოწმებასა და დამიზნების კალიბრაციას.
„დელტაში“ აცხადებენ, რომ მოქმედი ხელშეკრულების ვადის ამოწურვისა და სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, სისტემის ყოველწლიური შემოწმება აუცილებელია მისი გამართულად მუშაობის შესანარჩუნებლად. უწყების განმარტებით, სარადარო კომპლექსის მართვა მაღალკვალიფიციურ და სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს, რის გამოც ტექნიკური მომსახურების გაწევა კვლავ მწარმოებელ კომპანიას — LEONARDO Germany GmbH-ს — დაევალა.
შესყიდვის მიზნად სახელდება სეტყვის სეზონზე სისტემის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო ზარალი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებსა და სახელმწიფო ქონებაზე. უწყების შეფასებით, რადარის გაუმართაობის შემთხვევაში სეტყვასაშიში პროცესების დროული იდენტიფიცირება და განეიტრალება მნიშვნელოვნად გართულდება, რაც რეგიონში რისკებს გაზრდის.

