ოქროს ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა
ძვირფასი მეტალების ბაზარზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ისევ გრძელდება – ოქროს ფასი ერთ თვეში 6.5%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ღირებულებამ ამჯერად 4,600 დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ისტორიულ შედეგს წარმოადგენს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში ოქრო 71%-ით არის გაძვირებული, ხოლო ბოლო ერთ კვირაში მატება 3%-ს აღწევს.
აღმასვლის რეკორდული დინამიკა ფიქსირდება ვერცხლთან მიმართებითაც, რომელიც ერთ თვეში 32%-ით არის გაძვირებული და კილოგრამის ფასი რეკორდულ 2,750 დოლარს აღწევს. თუკი ერთწლიან პერიოდს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ვერცხლის ფასი 180%-ით არის გაზრდილი და ის ამჟამად ისტორიულ მაქსიმუმზე იმყოფება.
ბოლო პერიოდში ოქროს გაძვირება ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რისკების ზრდით არის განპირობებული. ერთი მხრივ, ინვესტორები ფიქრობენ, რომ AI-სთან დაკავშირებული სპეკულაციური ბუშტის გახეთქვა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნას გამოიწვევს, რაც ოქროს ღირებულებაზე პოზიტიურად აისახება.
მეორე მხრივ, ექსპერტები მომატებულ რისკს ხედავენ რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელებასთან და ირანის, ვენესუელასა და გრენლანდიის საკითხებთან დაკავშირებით.

