ახალი ამბები

მეფუტკრეთა გაერთიანება თაფლოვანი მცენარეების კონვეიერის შექმნას გეგმავს ფუტკარი

თაფლოვანი მცენარეების კონვეიერის შექმნას ვგეგმავთ, – ამის შესახებ BM.GE-სთან მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ განაცხადა.

მისი თქმით, მეფუტკრეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამინდზე, თუმცა დარგის წარმომადგენლები ცდილობენ, ეს დამოკიდებულება მაქსიმალურად შეამცირონ და ისეთი სისტემა შექმნან, რომელიც ფუტკარს სეზონის განმავლობაში უწყვეტ საკვებ ბაზას უზრუნველყოფს.

„მთელი ჩვენი მუშაობა აქეთკენ, თაფლოვანი მცენარეების კონვეიერის შექმნისკენ მიდის, თუმცა ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია. მარტო მეფუტკრეები ამ პრობლემას ვერ გადავლახავთ“, – აცხადებს ალეკო პაპავა.

მისივე შეფასებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს თაფლოვანი მცენარეების გამრავლებას და ქარსაფარი ზოლების მოწყობას, სადაც შესაბამისი კულტურები დაირგვება. პაპავას თქმით, აღნიშნული ნაბიჯები დადებითად აისახება არა მხოლოდ მეფუტკრეობაზე, არამედ მთლიანად აგროსექტორზე.

„დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 250–300 ათასი ფუტკრის ოჯახია, მაშინ როცა ქვეყნის ტერიტორიისა და სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გათვალისწინებით, მინიმუმ 900 ათასი ოჯახია საჭირო. სოფლის მეურნეობა პირდაპირ არის დამოკიდებული მეფუტკრეობაზე – პროდუქტიულობა და ნაყოფიერება მასზეა მიბმული“, –
ამბობს პაპავა.

მისი განმარტებით, ფუტკრის მიერ დამტვერვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ვაშლის ბაღებისთვის, ისე სხვა კულტურებისთვის, რადგან ეს ზრდის მოსავლიანობას და აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს.

„ფუტკრის გარეშე ვერ მივიღებთ ხარისხიან ვაშლს, მსხალს და სხვა ხილს. დამტვერვა ზრდის როგორც მოსავალს, ისე პროდუქციის ხარისხს“, – აღნიშნავს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი.

ალეკო პაპავას თქმით, სახელმწიფოსთან აღნიშნულ საკითხებზე კომუნიკაცია მიმდინარეობს, თუმცა ხედვები ჯერ სრულად ჩამოყალიბებული არ არის.

„ყველას უნდა შედეგი, მაგრამ სახელმწიფომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ამ დარგს“, – აცხადებს იგი.

მეფუტკრეთა გაერთიანება თაფლოვანი მცენარეების კონვეიერის პროექტის განვითარებას როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში გეგმავს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნუშის, ვაშლის, მსხლისა და ვაშლატამას ბაღებს, რომლებიც ფუტკრის დამტვერვის გარეშე სრულფასოვან შედეგს ვერ იძლევა.