11 თვეში საქართველომ $60 მლნ-ის მზესუმზირის ზეთი იყიდა
საქართველოს, წელს ზეთის იმპორტი გაუძვირდა. ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ზეთის იმპორტის მოცულობა შემცირების მიუხედავად, იმპორტის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა.
მიმდინარე წლის 11 თვეში ქვეყანაში ჯამში 60.4 მლნ დოლარის ღირებულების 40 147 ტონა ზეთი შემოვიდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტის ღირებულება 35.6%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა 3.5%-ით შემცირდა.
ზეთის მთავარი მომწოდებელი კვლავ რუსეთია – საქართველომ იქიდან 50.2 მლნ დოლარის 33 155 ტონა ზეთი შეიძინა, მაშინ როცა გასულ წელს იმპორტი 36 315 ტონას შეადგენდა.
ზეთს საქართველო ასევე უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყიდულობს, თუმცა ბაზარზე დომინანტი კვლავ რუსული პროდუქციაა. ამ ფონზე, დამატებით რისკს ქმნის ინფორმაცია, რომ 2026 წლის იანვრიდან რუსეთის ფედერაციაში მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე ბაჟი 36.5%-ით გაიზრდება. ეს გადაწყვეტილება, რუსული მედიის ცნობით, ნიშნავს, რომ მომავალ წელს საქართველოში ზეთის იმპორტი კიდევ უფრო გაძვირდება, რაც ფასების ზრდის ტენდენციას გააძლიერებს.
საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის მთავარი იმპორტიორი ბაზრების TOP 5 ასეთია (2025/11თვე):
რუსეთი – $ 50.2 მლნ, 33 155 ტონა;
უკრაინა – $5.9 მლნ, 3 835 ტონა;
აზერბაიჯანი – $1.6 მლნ, 1 141 ტონა;
არაბთა გაერთიანებული საამიროები – $1.5 მლნ, 1 552 ტონა;
უნგრეთი – $766 ათასი, 347 ტონა.
2026 წლის იანვარში რუსეთის ფედერაციიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე ბაჟი 36,5%-ით გაიზრდება და დეკემბრის 8 214,5 რუბლიდან ტონაზე 9 298,6 რუბლს მიაღწევს.

