საქართველომ ბევრი კანონი მიიღო, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება EU-ის კანონმდებლობას – პეტერ ფიშერი
საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველო ევროკავშირს სულ უფრო სწრაფად შორდება.
როგორც მან “ანალიტიკასთან” ინტერვიუში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის კონტექსტში განაცხადა, საქართველომ ბევრი კანონი მიიღო, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას.
“საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მიმდინარე სტატუსი კარგი არ არის. როგორც იცით, საქართველო ევროკავშირისთვის კანდიდატი ქვეყანაა. 30 წელზე მეტია, ევროკავშირი შესაძლოა საქართველოს საუკეთესო მეგობარი და პარტნიორია. 30 წელზე მეტია, ევროკავშირი – მათ შორის, გერმანიაც – მხარს უჭერს საქართველოს, ააშენოს დემოკრატია, ეკონომიკა, მიჰყვეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ეს სამი რამ არის, რაში დახმარებაც საქართველომ ევროკავშირისგან მოითხოვა და ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დაპირება – კარგი პარტნიორი ვიყავით, რის კულმინაციაც კანდიდატის სტატუსი იყო – უდიდესი შესაძლებლობა საქართველოსთვის, ძალიან კარგი შესაძლებლობა ევროკავშირისთვის, მაგრამ, როგორც იცით, საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო და 2024 წლის დასაწყისიდან, საქართველომ დაიწყო ევროკავშირისთვის ზურგის შექცევა. ჩვენ ამის ობიექტურად გაზომვა შეგვიძლია. იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, აუცილებელია და კანდიდატმა უნდა – ეს არ არის არჩევანი – ასახოს ევროპული კანონმდებლობა თავის კანონმდებლობაში. ევროპა სამართლებრივი სტრუქტურაა. ამ სტრუქტურის არსი ის არის, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა ვრცელდება ყველა წევრ სახელმწიფოზე. ამდენად, ახალი ქვეყანა, რომელსაც გაწევრება უნდა, ვალდებულია დანერგოს ჩვენი ევროპული კანონმდებლობა. მას შემდეგ, რაც ევროპული კანონმდებლობა თქვენი კანონმდებლობაც ხდება, თქვენ უკვე შეგიძლიათ გაწევრება. რა ხდება საქართველოში? ჩვენ ობიექტურად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველომ ბევრი კანონი მიიღო, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს წინააღმდეგობა მოდის ყველაზე ფუნდამენტურ კანონმდებლობასთან, რომელიც განამტკიცებს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებებს. თუ ამ ნაწილში არ ხარ თავსებადი ევროპულ კანონმდებლობასთან, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებ გარემოსთან, ავტომობილების ემისიებთან თუ შენობების უსაფრთხოებასთან მიმართებით. ეს ტექნიკური საკითხებია. დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძვლების გარეშე, ფუნდამენტური თავისუფლებების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის გარეშე, ევროკავშირის წევრი ვერ გახდებით. ბოლო პერიოდში მიღებული კანონები კი სრულად ეწინააღმდეგება ამ ფუნდამენტს. ამასთან, საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს ვიღაც დაარწმუნოს, უხსნის ვიღაცას – ალბათ, თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს – რომ ევროკავშირი საშინელი ადგილია – წარუმატებელი, ჩამორჩენილი, უსამართლო – რა არ ითქმება ხოლმე. საშინელი. ამდენად, საქართველო შორდება ევროკავშირს სულ უფრო სწრაფად და სწრაფად. ამიტომ, გვიწევს ვთქვათ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ცუდი ურთიერთობებია. ამას აქვს შედეგიც – 2024 წლიდან ჩვენ შევწყვიტეთ საუბარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამდენად ეს არ არის კარგი ურთიერთობა. როცა ვფიქრობ, რასაც ეკონომისტები ალტერნატიულ სარგებელს უწოდებენ – ანუ, რა შეიძლება ყოფილიყო და რა არის. რა შეიძლება ყოფილიყო და თქვენ შეიძლება წინსვლა გქონოდათ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე – შესაძლოა, ძალიან კარგი მომავლისკენ, იმ მომავლისკენ, რომელიც ჩვენთვის საერთო შეიძლება ყოფილიყო. ეს ჩვენი შემოთავაზება იყო და დღესაც არის ჩვენი შემოთავაზება. მაგრამ რა არის – არის ის, რომ თქვენ ევროკავშირს შორდებით”,– ამბობს ელჩი.

