ახალი ამბები

EU და გერმანია საქართველოს მეგობრები არიან, ჩვენ არ ვართ მტრული ძალები – პეტერ ფიშერი

“ჩემნაირი ადამიანები ხელსაყრელ დროს ბოროტი გარე ძალების ნარატივისთვის არიან გამოყენებული”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მან ევროკავშირთან და გერმანიასთან მიმართებით “ოცნების” პოლიტიკის ანალიზისას აღნიშნა, რომ საქართველოში გაბატონებულია ბოროტი გარე ძალების ნარატივი მაშინ, როცა გერმანია ცდილობს საქართველოს კარგი მეგობარი იყოს.

“დღეს გაბატონებულია გაურკვეველი, ბოროტი გარე ძალების ნარატივი – და ჩემნაირი ადამიანები ხელსაყრელ დროს სწორედ ამ ნარატივისთვის არიან გამოყენებული. მე ისევ გავიმეორებ – ჩვენ ვცდილობთ, კარგი მეგობრები ვიყოთ. ვერ შევძლებ პროგნოზირებას, როგორ მოიქცევა ქართული ოცნება. ეს მათ უნდა ჰკითხოთ.

ევროკავშირი და გერმანია საქართველოს მეგობრები არიან, ჩვენ არ ვართ მტრული ძალები, ჩვენ არ ვართ უცხოეთის აგენტები. ჩვენ ვაკვირდებით იმ ქვეყნის კანონებს, რომელშიც ვმუშაობთ. ახალი საკანონმდებლო პაკეტი და ყველა მანამდე მიღებული კანონი – გამჭვირვალობის შესახებ, FARA, გრანტების შესახებ – მიმართულია საქართველოში უცხოური დაფინანსების შეზღუდვისკენ. თუ ეს კანონია, მაშინ ჩვენ აღარ გვრჩება დაფინანსების შესაძლებლობა. ეს არის საქართველოს რეალური მიზანი? შესაძლოა. მაგრამ სამარცხვინო იქნება. ჩვენ გვინდა თანამშრომლობა და ჩვენ არ გვგონია, რომ ჩვენი ფული საშიშია, გადატრიალებას ხმარდება ან რაიმე მსგავსი. ჩვენ მეგობრები ვართ. ჩვენ ყოველთვის მეგობრები ვიყავით. უბრალოდ, ეს აქ შეიცვალა გაუგებარი მიზეზებით ნარატივი, რომ ჩვენ ვართ თურმე საქართველოს მტრები”,- აღნიშნა ელჩმა.

კითხვაზე – რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, რომ შეძლოს ევროკავშირთან ისევ დაახლოება, ელჩი ასე პასუხობს: “იმისთვის, რომ ევროკავშირი წევრი ქვეყანა გახდეთ, თქვენ უნდა ასახოთ ევროკავშირის კანონმდებლობა თქვენს კანონმდებლობაში. საქართველო ამ გზას ადგა. შემდეგ შეწყვიტა და ახლა იღებს კანონებს, რომლებიც ევროკავშირს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება. ამდენად – შეწყვიტეთ კანონმდებლობის მიღება, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას. გააგრძელეთ კანონმდებლობის მიღება, რომელიც თავსებადია ევროკავშირთან. ეს არის გზა. და მეორე აშკარა ნაბიჯია – გააჩერეთ პროპაგანდის გიგანტური მანქანა, რომელიც ყოველ დღე, საქართველოს მოქალაქეებს უხსნის, როგორი საშინელია ევროპა, როგორი არამიმზიდველი, უსამართლო, ძალადობით სავსე, ცდილობს გადატრიალება მოაწყოს საქართველოში – ეს ყველაფერი სიცრუეა და შეუძლებელია იმ ორგანიზაციის წევრი გახდეთ, რომელსაც ყოველ დღე საშინელს უწოდებთ”, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.