ახალი ამბები

სახელმწიფო უწყებები პლასტმასის შესყიდვას შეწყვეტენ

2026 წლის 1 აპრილიდან საქართველოში სახელმწიფო უწყებების დიდ ნაწილს პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის ბოთლების შესყიდვა კანონით შეეზღუდება. თუმცა, გარემოსდაცვითი რეგულაცია, რომელიც ნარჩენების შემცირებას ისახავს მიზნად, ყველა სექტორზე თანაბრად არ ვრცელდება.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ყველა ორგანიზაციას პლასტმასის ჭურჭლის შეძენა ეკრძალება, განკარგულება ითვალისწინებს სპეციალურ დათქმას თავდაცვის უწყებისთვის.

დოკუმენტის თანახმად, აკრძალვა არ გავრცელდება:

თავდაცვის ძალების საჭიროებებზე;
სამხედრო მოსამსახურეთა მომსახურებისთვის განკუთვნილი 3 ლიტრამდე მოცულობის ბოთლების შესყიდვაზე.
ეს ნიშნავს, რომ სტრატეგიული და ოპერატიული საჭიროებებიდან გამომდინარე, ჯარი კვლავ შეძლებს გამოიყენოს პლასტმასის ბოთლებში დაფასოებული სასმელები, მაშინ როცა ყველა სხვა სამოქალაქო უწყება ვალდებული იქნება ალტერნატიულ, უფრო ეკომეგობრულ შეფუთვაზე (მაგალითად, მინაზე) გადავიდეს.

გამონაკლისის მიღმა რჩება თითქმის მთელი საჯარო სექტორი. აკრძალვა ეხებათ არა მხოლოდ სამინისტროებსა და მერიებს, არამედ:

საჯარო უნივერსიტეტებსა და სსიპ-ებს, მიუხედავად მათი შემოსავლის წყაროსი;
სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოებს (სადაც სახელმწიფო 50%-ზე მეტს ფლობს);
უცხოურ გრანტებსა და კრედიტებს, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებით არის მიღებული.