ახალი ამბები

მოსავლის მართვის კომპანია რთველის სუბსიდიის სახით დამატებით 160 მილიონს მიიღებს

შპს მოსავლის მართვის კომპანიას წლევანდელი რთველის სუბსიდიის სახით ბიუჯეტიდან დამატებით 160 მილიონ ლარს მიიღებს. მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 26 დეკემბერს გამოსცა.

წელს სახელმწიფო კომპანია მევენახეებისგან 1 კგ. საფერავის ჯიშის ყურძენს 1.5 ლარად, რქაწითელსა და სხვა ჯიშის ყურძენს კი 1.2 ლარად იბარებდა.

საგულისხმოა, რომ 2025 წლის რთველის დაფინანსება თავდაპირველად 60 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა ფაქტობრივი ხარჯი ამაზე ბევრად მეტია და ჯამურად წელს ბიუჯეტს რთველის სუბსიდირება 220 მილიონი ლარი დაუჯდა.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის განხილვისას განაცხადა, რომ დაფინანსების ზრდა დაკავშირებული იყო როგორც მოსალოდნელზე უფრო დიდი მოსავლის მიღებით, ასევე რთველის სუბსიდირების წესების მოდიფიცირებით.

“გვქონდა დაგეგმილი 60 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა მოსავალი იყო გაცილებით უფრო დიდი. შეიცვალა სუბსიდირების წესი და კერძო კომპანიების ნაცვლად სახელმწიფომ სრულად ჩაიბარა ის ჭარბი ყურძენი, რომელსაც კომპანიები აღარ იბარებდნენ. შესაბამისად, აქ დამატებით გახდა საჭირო 160 მილიონი ლარის გამოყოფა და 220 მილიონ ლარს გადააჭარბებს რთველის დაფინანსება”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში რეკორდული რაოდენობის, 330 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 21 200-მა მევენახე ფერმერმა დააბინავა. გადამუშავებული ყურძნიდან დაახლოებით 200 ათასი ტონა ყურძენი კერძო სექტორმა, დანარჩენი მოსავლის ნაწილი კი სახელმწიფომ შეიძინა.