ნოემბერში იპოთეკური დაკრედიტება გაიზარდა
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის ნოემბერში საქართველოში 4458 ახალი იპოთეკური სესხი გაიცა, რომელთა ჯამური ღირებულება 451 მილიონი ლარი იყო. რაოდენობრივად იპოთეკური სესხების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით, ხოლო გაცემული კრედიტების ღირებულება 17%-ით გაიზარდა.
ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა სექტემბრამდე ძირითადად შემცირების ტენდენციას ატარებდა, სექტემბრიდან კი წლიურ ჭრილში ახალი სესხების რაოდენობა გაიზარდა. თუმცა, ჯამურად 11 თვეში ახალი იპოთეკების რაოდენობა შეადგენს 46,761-ს, რაც 4,277 იპოთეკური სესხით უფრო ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში გაცემულ კრედიტებთან შედარებით.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უძრავი ქონების ფასი გაზრდილია, ჯამურად ახალი იპოთეკური პორტფელის ღირებულებაც მომატებულია და 11 თვეში გაცემული სესხების საერთო ღირებულება 4.2 მილიარდ ლარს შეადგენს. თუკი 2024 წელს საშუალო იპოთეკური სესხის ღირებულება 76 ათას ლარს შეადგენდა, 2025 წელს ის 90 ათას ლარს შეადგენს.
ამასთან, 2025 წლის ოქტომბერში გაცემული იპოთეკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში 12.45%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.65 პროცენტული პუნქტით მეტია. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საშუალო კრედიტის მოცულობა გაიზარდა, უკავშირდება სებ-ის მიერ პირველადი შენატანის მოცულობის შემცირებას. თუკი წარსულში პირველადი შენატანი ბინის ღირებულების 15% უნდა ყოფილიყო, 2025 წლის თებერვლიდან სებ-მა ეს მაჩვენებელი 10%-მდე შეამცირა, შესაბამისად, შესაძლებელი გახდა ბინის ღირებულების 90%-ის კრედიტით დაფარვა.
რაც შეეხება განაკვეთს, 2025 წლის ნოემბერში გაცემული იპოთეკური სესხების განაკვეთი ლარში 12.33%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.27 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

