ახალი ამბები

თებერვლიდან, რუსული ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე კვოტები დაწესდება ხორბალი

თებერვლიდან, რუსული ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე კვოტებს დაწესდება – აღნიშნულის შესახებ რუსეთის მთავრობამ 22 დეკემბერს განკარგულება გამოსცა.

მარცვლეულის ექსპორტზე შეზღუდვა 2026 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე იქნება ძალაში და ის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებს არ შეეხება.

რუსეთიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებს გარეთ ხორბლის, მესლინის, ქერისა და სიმინდის გატანაზე სატარიფო კვოტის ჯამური მოცულობა 20 მლნ ტონას შეადგენს. ჭვავის გატანაზე კვოტის მოცულობა 0 ტონაა. შესაბამის დადგენილებას ხელი უკვე მოეწერა.

კვოტები 2026 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე იმოქმედებს. ეს გადაწყვეტილება შესაძლებლობას იძლევა, შენარჩუნდეს ოპტიმალური ბალანსი მარცვლეულის შიდა ბაზარსა და ამ პროდუქციის საზღვარგარეთ მიწოდებას შორის. ის მიღებულია რუსულ ბაზარზე მარცვლეული კულტურების წარმოებისა და მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით.

სატარიფო კვოტები არ ვრცელდება მარცვლეულის გატანაზე, რომელიც განკუთვნილია უცხო სახელმწიფოებისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე“, – ნათქვამია რუსეთის მთავრობის განკარგულებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მარცვლეული კულტურების გატანაზე კვოტის ოდენობა 2025 წლის ოქტომბერში ეკონომიკური განვითარებისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის საბაჟო-სატარიფო და არასატარიფო რეგულირების ქვეკომისიის სხდომაზე დამტკიცდა.

მარცვლეულის ექსპორტის კვოტირების მექანიზმი მთავრობამ 2021 წელს აამოქმედა. კვოტირების ფარგლებში მარცვლეულის ექსპორტი მცურავი ბაჟით იბეგრება, რომელიც საფასო კონიუნქტურაზეა დამოკიდებული.

ცნობისთვის, საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელი რუსეთია. წელს ქვეყანამ ჯამში 115 მილიონი დოლარის ღირებულების 460 141 ტონა ხორბალი შეიძინა. აქედან 79% რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე მოდიოდა. 11 თვეში საქართველომ 91.2 მლნ დოლარის ღირებულების 360 400 ტონა რუსული ხორბალი შეიძინა.