რომელი სერვისები არ შეფერხდება უქმეებზე – სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება
სურსათის ეროვნული სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას უქმე დღეებშიც შეუფერხებლად განახორციელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 2026 წლის 5 და 6 იანვარს, საქართველოს მთავრობის №563 დადგენილებით განსაზღვრულ უქმე დღეებშიც, შეუფერხებლად განხორციელდება ექსპორტ-იმპორტისთვის საჭირო შესაბამისი სერტიფიკატებისა და ნებართვების გაცემა, ცხოველთა სასაკლაოებზე ვეტერინარული ზედამხედველობა, ასევე სახელმწიფო კონტროლი იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობაზე პირდაპირი რისკი.
უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები აღნიშნულ საქმიანობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასწარ განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად შეასრულებენ.

