5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოაცხადა – ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში არის ნათქვამი.
ამავე განკარგულების თანახმად, ეს განკარგულება კომერციულ ბანკებზე არ ვრცელდება, შესაბამისად ისინი აღნიშნულ დღეებში იმუშავებენ.
“საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში − ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2026 წლის 5-6 იანვარი განისაზღვროს უქმე დღეებად.
ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე,”- ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
ამავე განკარგულების თანახმად, საჯარო უწყებები თავად გადაწყვეტენ თუ რა ფუნქციების შესრულების აუცილებლობისთვის განსაზღვრონ რა სახით გაავრცელონ აღნიშნული განკარგულება მათ საქმიანობაზე.
“ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას,”- ნათქვამია დადგენილებაში.
დადგენილება ასევე არ ვრცელდება სახელმწიფოს კონტრაქტორ კომპანიებზე, რომლებიც სახელმწიფოს შესაბამის სერვისებს და პროდუქტებს აწვდიან.
“ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე,”- ნათქვამია დოკუმენტში.

