ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის სრულ შეჩერებას არ გამორიცხავს
საქართველოს შესაძლოა ეტაპობრივად შეუჩერდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლება, რაც საბოლოოდ, მთელს მოსახლეობაზე გავრცელდება. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, ევროკომისია საქართველოს მიმართ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს დემოკრატიული უკუსვლის „სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის“ გამო, იმ ახალი წესების ფარგლებში, რომლებიც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შევა.
ევროკომისიის განმარტებით, პირველ ეტაპზე შეზღუდვა შეიძლება შეეხოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს. მეორე ეტაპზე კი, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა გავრცელდეს ქვეყნის მთელ მოსახლეობაზე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ 2024–2025 წლებში მნიშვნელოვნად გადაუხვია ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. ევროკომისია მიუთითებს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევებზე, ანტიკორუფციული რეფორმების უკან დახევასა და წინა ანგარიშებში გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე.
ევროკომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სავიზო პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის პოლიტიკისგან, რაც დამატებით პრობლემას ქმნის.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ახალი მექანიზმი ევროკომისიას აძლევს შესაძლებლობას, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს და მისი აღსრულება სავალდებულო გახდეს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის იანვრიდან ევროკავშირმა უკვე შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ყველა წევრმა ქვეყანამ სრულად არ აღასრულა.
ევროკომისია აცხადებს, რომ გააგრძელებს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების მონიტორინგს და პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში დამატებითი ზომების მიღებას არ გამორიცხავს.

