ახალი ამბები

სტუდენტთა მისაღები კვოტირების გადათვლა ყოველწლიურად მოხდება

უმაღლესში მისაღებ სტუდენტთან რაოდენობის კვოტირება ყოველწლიურად დაზუსტდება – ამის შესახებ “ოცნების” მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან უპასუხა “ხალხის ძალის” დეპუტატ სოზარ სუბარის შეკითხვას 11-წლიან სწავლებაზე გადასვლის პარალელურად აბიტურიენტების ორმაგ ნაკადთან დაკავშირებით.

“როდესაც ორმაგი იქნება აბიტურიენტების რაოდენობა და ამ დროს მისაღები რაოდენობა იგივე რჩება, პრაქტიკულად ერთი მხრივ ვამბობთ, რომ განათლება უფასო ხდება და მეორე მხრივ, ბევრი დარჩება გარეთ და მოუწევთ ფასიანებზე გადასვლა და იმასაც რაღაც დონეზე თუ აფინანსებდა სახელმწიფო, აღარ აფინანსებს. ამის დარეგულირება როგორ ხდება?”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაზეც მინისტრის მოადგილემ შემდეგი განმარტება გააკეთა: “ამ ეტაპისთვის მსგავსი ცვლილება არ განხორციელებულა, რეგისტრაციების მიხედვით შეიძლება დამატებითი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. კვოტირების ნაწილზე შემიძლია გითხრათ, რომ წელსაც, მოგეხსენებათ პრემიერის ოფიციალური განცხადება იყო, რომ კვოტირების შემცირებას არ ვგეგმავთ. მოხდება მხოლოდ პროგრამების მიხედვით დადარება და რაოდენობა იგივე იქნება შენარჩუნებული, ხოლო თანდათან შემდეგ ყოველწლიურად მოხდება გადათვლა კვოტირების ნაწილის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყოველ წელს მოახდენს შრომის ბაზართან დადარებას ამ რაოდენობისა. ახლა გამიჭირდება გითხრათ, იმ დროისთვის კვოტირების ნაწილი რა იქნება. ეს პრობლემა რა თქმა უნდა ჩვენთვის ცნობილია, საუბარია იმ წელზე, როცა ორი კლასი დაამთავრებს ერთდროულად სკოლას და ორმაგი ნაკადი იქნება. უბრალოდ, ახლა ამ ტიპის გადაწყვეტილება არარელევანტური იქნება, რადგან კვოტირების ნაწილით ორი წლის შემდეგ რა იქნება ცოტა რთულია განვსაზღვროთ”,- ამბობს მინისტრის მოადგილე.