პარლამენტმა სკოლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო
სკოლებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა – „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს და 85 ხმით (10 წინააღმდეგი), მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სრული ზოგადი განათლება მოიცავს არანაკლებ 11 და არაუმეტეს – 12 წელს. რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდება: დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (3 წელი − VII− IX კლასები) და საშუალო (2 წელი − X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი − XII კლასი).
მოსწავლის მიერ 11 კლასის პროგრამის დაძლევის შედეგად სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი გაიცემა, ხოლო ნებაყოფლობითი XII კლასის დასრულების შედეგად, პირი დამატებით 12 წლიანი სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს მიიღებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, XII კლასის შესაძლებლობა დარჩება ნებაყოფლობითი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით აკადემიური მზადყოფნის განმტკიცებას მოისურვებენ. XII კლასში სწავლა წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე წარიმართება.
უქმდება სკოლის სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების წესი და შესაბამისად, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებული ნორმების ამოღება ხდება. სკოლა ვალდებული იქნება ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა სამინისტროს მიერ შექმნილი ან სამინისტროსთან შეთანხმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით განახორციელოს. კანონში გაიწერა, რომ სამინისტრო უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს შექმნას, მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ – დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით – საჯარო სკოლებისთვის მის მიწოდებას. სამინისტრო დაამტკიცებს სახელმძღვანელოს საფასურს, მისი რეალიზების, მოვლა-შენახვისა და გამოცვლის წესს.
ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდება, რომლის ნიმუშსაც სამინისტრო დაამტკიცებს.
კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილი იქნება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად სამეწარმეო იურიდიული პირი ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი დააფუძნოს. როგორც უწყება განმარტავს, აღნიშნული სამინისტროს შესაძლებლობას მისცემს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე მოსწავლეები ფორმებით უზრუნველყოს.
„ხშირია შემთხვევები, როდესაც სამინისტროს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება ესაჭიროება, რომელიც დაკავშირებულია ცალკეული ტიპის ეკონომიკურ აქტივობასთან. მაგალითად, მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროცესი, სასკოლო ფორმით უზრუნველყოფის პროცესი – შესაბამისი შეკვეთები, ტრანსპორტირება, დასაწყობება, მიწოდება, შენახვა, მოვლა-პატრონობა და სხვა“, – განმარტავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
კანონის პროექტის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაამტკიცებს სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების – მათ შორის მობილური ტელეფონის გამოყენების ზოგად პირობებს.
კიდევ ერთი სიახლე მასწავლებლის და საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლის მხრიდან მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობაზე რეაგირების საკითხს ეხება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი იყო ნორმა, რომლის თანახმად, მოსწავლეზე ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს და საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს 3 წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება შეეზღუდებოდა. პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, აღნიშნული ინიციატივა შეიცვალა – შეთანხმდნენ, რომ მასწავლებლის და საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლის მხრიდან მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობაზე რეაგირების საკითხი კანონის ნაცვლად, კანონქვემდებარე აქტით დარეგულირდება.

