ახალი ამბები

სოფელ წინანდალში წარმოებული ღვინო იაპონიის ბაზარზე გავიდა

მიმდინარე წელს ჩვენი მთავარი სიახლე იაპონიის ბაზარზე გასვლაა და ამ მიმართულებით საკმაოდ იმედიანად ვართ. აღნიშნული ბაზარი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, – ამის შესახებ კომპანია „ღვინის ქურდების“ თანადამფუძნებელმა ზაზა ასათიანმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, იაპონიის გარდა, კომპანიისთვის ძირითად საექსპორტო ბაზრებს ნორვეგია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და მონტენეგრო წარმოადგენს.

“მსოფლიოში არსებული გამოწვევები ღვინის ბაზარზეც აისახა. მოთხოვნა შემცირებულია და თვითონ ევროპელებიც გააქტიურდნენ ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი ღვინის რეალიზაციის კუთხით. ჩვენს ტრადიციულ ბაზრებზე ექსპორტი წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 10%-ით შეგვიმცირდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ სხვა ბაზრები დავიმატეთ, წლიურ ჭრილში მაინც ზრდა გვაქვს.

იაპონიაში საკმაოდ სერიოზულ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, რომელსაც საკუთარი მაღაზიები აქვს და ტოკიოს პრემიალურ რესტორნებთან თანამშრომლობს”, – აცხადებს ზაზა ასათიანი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს – როგორც “ღვინის ქურდების” თანადამფუძნებელი აღნიშნავს, კონკურენცია საკმაოდ გაზრდილია და ინდუსტრიულ ღვინოზე ფასი შემცირდა.

“მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ნიშური ღვინის ზრდის პოტენციალი ადგილობრივ ბაზარზე არის. მაგალითად, ჩვენ წარმოდგენილები ვართ უკვე “ფრესკოში”, რაც ვფიქრობთ, რომ ეს პირველ რიგში ცნობადობის გაზრდაში დაგვეხმარება. ამჟამად, ჩვენი ღვინოების ძალიან მცირე, 2% იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო დანარჩენი ექსპორტზე გადის”, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, ღვინის კომპანია „ღვინის ქურდები“ 2015 წელს წინანდალში დაფუძნდა. დაფუძნებიდან პირველი ორი წელი კომპანიის საქმიანობის კონცეფცია მოიცავდა მევენახე გლეხების მოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ გადაყვანას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე, ასევე კომპანია მათ ღვინის ბრენდირებასა და სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის გატანაში ეხმარებოდა.