ახალი ამბები

კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ კახეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორი – გიორგი ოთარაშვილი წარუდგინა. ოთარაშვილმა ლაშა გოგნიაშვილი ჩაანაცვლა.

ცნობისთვის, გიორგი ოთარაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე იყო. ლაშა გოგნიაშვილი კი, რომელსაც მიმდინარე წლის აპრილიდან ამ დრომდე კახეთის პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

შსს-ს ცნობით, მინისტრმა ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ხოლო, კახეთის პოლიციის ყოფილ დირექტორს, ლაშა გოგნიაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

“სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გეკა გელაძემ დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

შინაგან საქმეთა მინისტრი კახეთის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია – მათ შორის, დაათვალიერა თელავში მდებარე მომსახურების სააგენტოს სამუშაო სივრცეები, ტექნიკა, აღჭურვილობა და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. გეკა გელაძემ მადლობა გადაუხადა მათ გაწეული ღირსეული სამსახურისთვის.

კახეთში გამართულ სამუშაო შეხვედრებს, მინისტრთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და მოადგილე გიორგი სახოკია”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.