როდის დაიწყება თუშეთამდე მისასვლელი გზის კიდევ ერთი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ21.5 – კმ25.5 მონაკვეთზე (ლოტი 2) საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება დაიდო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ – შპს „დინ გრუპმა“ მიიღო მონაწილეობა. კომპანია სამუშაოებს 19 245 013 ლარად შეასრულებს. ხელშეკრულების თანახმად, ადგილზე სამუშაოები 24 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.
სამეწარმეო რეესტრის ბოლო მონაცემების მიხედვით, „დინ გრუპი“ 2014 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის წილების 75%-ს ნიკოლოზ ეპიტაშვილი, ხოლო 25%-ს ვახტანგ ამაშუკელი ფლობენ.
რაც შეეხება პროექტს, ლოტი 2-ზე შესასრულებელი სამუშაოები ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის შესაძლებლობის ფარგლებში გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.
ამასთან, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების ღონისძიებების სამუშაოები დაყოფილია 8 ლოტად, აქედან მხოლოდ მეორე ლოტზე იყო ხელშეკრულება დასადები, შესაბამისად, ამჟამად, ყველა მონაკვეთზე მიმწოდებლებთან კონტრაქტი გაფორმებულია.
თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება. თუშეთის გზა, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი. ეს გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

