ახალი ამბები

ღვთისმშობლის და მთავარანგელოზის ეკლესიათა კომპლექსი სოფელ ჩალაუბანში

კომპლექსი გვერდიგვერდ მდგარი, ორი ეკლესიისაგან შედგება. მათგან ერთი, შედარებით მოზრდილი, ღვთისმშობლის, ხოლო მეორე მთავარანგელოზთა სახელობისაა.

ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია ქრონოლოგიურად განსხვავებულ ორ სამშენებლო ფენას შეიცავს. თავდაპირველი ფენა, რომელიც, სავარაუდოდ, განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება, მოზრდილი რიყის ქვის ირეგულარული წყობითაა ნაშენი, კირის სქელ დუღაბზე. აღნიშნული პერიოდისაა აღმოსავლეთ კედელი, ფრონტონის ძირის დონემდე, თითქმის მთლიანი ჩრდილო კედელი, დასავლეთ და სამხრეთ კედლების დიდი ნაწილი. ეკლესია მოგვიანებით განაახლეს. აღდგენილი ნაწილები, ძირითადად, რიყის ქვისაა, კამარა – აგურის. წყობა ტლანქია და ოსტატობის დაბალი დონით არის შესრულებული. გარეთა კუთხეების ცალკეული ფრაგმენტები აგურებითაც არის აღდგენილი. ინტერიერში, კედლები, გაჯის სქელი ფენით იყო შელესილი, ნაწილები აფსიდსა და დასავლეთ კედელზეა შემორჩენილი.

ღვთისმშობლის და მთავარანგელოზის ეკლესიათა კომპლექსი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩალაუბანში მდებარეობს.

ფოტო: ზვიად თურმანიძე