გაიცანით ხეირან რასულყიზი, უხუცესი მკერავი სოფელ ყარაჯლიდან
ხეირან რასულყიზი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ თემში, უხუცესი მკერავია.
63 წლის მეწარმემ, ჯერ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის მიერ ეთნიკური უმცირესობისთვის გახსნილი საგანმანათლებლო კურსები გაიარა, დახვეწა ქართული ენა, შემდეგ კი, სოფლად მცხოვრები ქალების სოციალური მობილიზაციისა და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით განხორციელებული პროგრამაში ჩაერთო.
მისი თქმით, ტრენინგებისა და გადამზადების შემდეგ, საგრანტო განაცხადი წარადგინა და ორგანიზაციის მხრიდან დაფინანსებაც მიიღო.
„კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ყარაჯალაში შემოსვლით, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, კერვა ჩემი პროფესია იყო, მარტოხელა დედამ ორი შვილი კერვიდან მიღებული შემოსავლით გავზარდე”,-აცხადებს ხეირან რასულყიზი.
მისი თქმით, აღნიშნული საქმიანობის დაწყებაზე ყოველთვის ოცნებობდა.
,,ყოველთვის ვოცნებობდი, საქმიანობა ბიზნესად მექცია. არასოდეს არაა გვიან, როცა სიხალისე და ჯანმრთელობაც მოგყვება”,- აცხადებს ხეირან რასულყიზი.
გარდა სამკერვალო საქმიანობისა, ხეირანი ასევე აქტიურად მიყვება სოფლის მეურნეობას და ამ მიმართულებითაც ცდის თავის შესაძლებლობებს. აღნიშნული ორგანიზაციის მხარდაჭერით მან ასევე მებოსტნეობისთვის საჭირო ხელსაწყოები შეიძინა, ქალები დაასაქმა და შემოსავალიც გაზარდა.
,,წარმატებით ვუთავსებ სამკერვალო და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ ბიზნეს საქმიანობას. აქტიური ჩართულობით სურვილი მაქვს მოტივაცია ავუმაღლოს ადგილობრივ ქალებს.”.
ხეირანი დღეს სოციალურ მობილიზაციაშია ჩართული, ის უფრო მასშტაბურ პრობლემებზე მუშაობს, რაც ადგილობრივ ქალთა ჯგუფთან ერთად სოფლის საჭიროებების იდენტიფიცირებასა და ადვოკატირებას გულისხმობს.
კახეთის რეგიონული განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ KRDF ცდილობს ქალების გაძლიერებას, გენდერული თანასწორობის მიღწევას. მათი თქმით, ესენი კრიტიკულად მნიშვნელოვანია თითოეული ოჯახის და ქვეყნის ჯანსაღი და სტაბილური განვითარებისთვის.