კახეთის მაგისტრალის კიდევ ერთ მონაკვეთზე მიწების გამოსყიდვისთვის 10 მილიონი ლარი დაიხარჯება
ჩალაუბანი-ბაკურციხის 9.1 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობასთან დაკავშირებული სატენდერო პროცედურების დაწყება 2026 წელს იგეგმება, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
უწყების ცნობით, აღნიშნული გზის მონაკვეთზე ასევე იგეგმება მოსახლეობის საკუთრებაში არსებული 159 მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა. გამოსასყიდი მიწების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს შეადგენს.
„დაგეგმილია თბილისი – საგარეჯო და საგარეჯო – ბაკურციხის საავტომობილო გზის მონაკვეთის (ჩალაუბნის აღმოსავლეთ ნაწილიდან ბაკურციხის აღმოსავლეთ ნაწილამდე (ლოტი 5)) გაუმჯობესების პროექტით გათვალისწინებული განსახლების პროცედურების განხორციელება, რომლის ფარგლებში გამოსყიდვას ექვემდებარება დაახლოებით 159 მიწის ნაკვეთი, სავარაუდო ღირებულებით 10 მილიონი ლარი“, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

