ახალი ამბები

2026 წლისთვის მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეგულირება მკაცრდება

საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“. როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, სიახლის მიზანია, ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა.

უწყების ცნობით, „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“ დაარეგულირებს ვენახების გაშენების, პროდუქციის ეტიკეტირების, სამომხმარებლო ტარაში დაფასოებისა და აღრიცხვიანობის წესებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით გაზრდილია ინტერესი მევენახეობა-მეღვინეობის დარგისადმი, რაც გამოიხატება ახალი ვენახების ინტენსიურ გაშენებაში.

„რიგ შემთხვევებში, ვენახი გაშენებულია შესაბამისი მევენახეობის ზონების და ქვეზონებისთვის არანებადართული ჯიშებისგან ან არასერტიფიცირებულ სანერგეში გამოყვანილი ნერგებით, რაც შემდგომში იწვევს როგორც ყურძნის წარმოების/რეალიზაციის პრობლემას, ასევე, პრობლემას ქმნის ღვინის წარმოებაში. ახალი რეგულაცია ითვალისწინებს სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გაიზარდა გაშენებული ვენახების რაოდენობა და შესაბამისად ყურძნის მოსავლიანობა, ცვლილების თანახმად, დაცული ადგილწარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმლის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმელი წარმოებული უნდა იყოს მხოლოდ ამ ღვინის ან/და სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაციაში განსაზღვრულ მიკროზონაში მოწეული ყურძნისგან“ – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ცვლილება ასევე განსაზღვრავს ღვინის ყველა კომპანიისთვის მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა-შეტყობინების მოთხოვნების შესრულებას.

კანონპროექტი მისაღებად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.