ახალი ამბები

რა შემთხვევაში დასჭირდებათ მასწავლებლებს რეპეტიტორად მუშაობისთვის სკოლის დირექტორის ნებართვა

განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლები კერძო რეპეტიტორობას ეწევა, შეთავსებით მუშაობისთვის სკოლის დირექტორის ნებართვა არ დასჭირდებათ.

მისივე განმარტებით, თანხმობის მიღება იმ შემთხვევაში იქნება აუცილებელი, როდესაც მასწავლებლები პარალელურად დასაქმებულები იქნებიან ე.წ ტრენინგ ცენტრებში. ამ ნაწილში საუბრისას მიქანაძე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ე.წ ტრენინგ ცენტრებსა და სკოლაში მუშაობის საათებში გადაფარვა არ იქნება, სკოლის დირექტორი სამუშაო ნებართვას ავტომატურად გასცემს.

„1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდა ცვლილება, რომელიც შეთავსებად სამსახურთან დაკავშირებით გარკვეულ რეგულაციებს აწესებს. ეს რეგულაციები უკავშირდება იმ მოცემულობას, რომ თუ ადამიანი 1-ზე მეტ სამსახურში მუშაობს, ძირითადი სამსახურის დამსაქმებელმა უნდა მისცეს მას ნებართვა. ეს ვრცელდება დიდ არეალს, მაგრამ დაწესდა გარკვეული გამონაკლისები, მათ შორის, საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებულ სივრცეს ეს გამონაკლისები დიდწილად ეხება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სამართლებრივი სივრცე არანაირ ცნებას რეპეტიტორთან დაკავშირებით არ მოიცავს, შესაბამისად, ის სამართლებრივად რეგულირებადი არ არის, ვერ იქნება რაიმე ნებართვის გაცემის საფუძველი. ეს არის ადამიანებს შორის ინდივიდუალური ურთიერთობების კომპონენტი, სადაც ადამიანები თანხმდებიან სამუშაოს მიღმა პროცესში გარკვეული აქტივობაზე და ეს რეგულირდება მათ შორის ურთიერთობით.

ეს ამ სამართლებრივი სივრცით არ რეგულირდება და სწორედ სპეკულაციური ხასიათი ამაში გამოიხატება, როდესაც ოპონენტი რადიკალური ჯგუფები მიზანმიმართულად ეწევიან კამპანიას თითქოს, რაღაც ნებართვები არის ამ ყველაფრისთვის საჭირო. რეალურად, ის, რაც სამართლებრივად არ არის დარეგულირებული, არანაირ ნებართვას არ ექვემდებარება.

თუმცა, რიგ შემთხვევებში, არის შექმნილი იურიდიული პირები, ე.წ. ტრენინგცენტრები, სადაც რიგი მასწავლებლები ოფიციალურად არიან სახელშეკრულებო ურთიერთობებზე ჩართული და იქ სწორედ აბიტურიენტების გადამზადება მიმდინარეობს, ასეთ შემთხვევაში უკვე თანხმობის მიღება საჭირო იქნება სამართლებრივი სივრციდან გამომდინარე, თუმცა არის ერთი მოცემულობა, მთავარია რომ საათობრივ დატვირთვაში არ მოხდეს გადაფარვა იმ ძირითად საქმიანობასა და დამატებით საქმიანობას შორის, რომელიც თავსებადი არის. ასეთ შემთხვევაში, თუკი ეს საათობრივ გადაფარვას არ გამოიწვევს, დირექტორები გასცემენ ავტომატურ ნებართვას იმ მასწავლებლებზე, რომლებიც ასეთ ტრენინგცენტრებში არიან ჩართულები. აქ რაიმე შეზღუდვის დაწესებაზე, რომ არანაირი მოცემულობა არ არის“, – განაცხადა მიქანაძემ „იმედის“ ეთერში.