სუსმა თელავში ჩატაევის ჯგუფის იარაღის სამალავი აღმოაჩინა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის მიმდებარედ იარაღის სამალავი აღმოაჩინა, საიდანაც სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო.
სუსის ინფორმაციით, ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ 2017 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, კონტრტერორისტულ ცენტრში მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაჯგუფების კუთვნილი საბრძოლო მასალის ნაწილი მათი განეიტრალების შემდეგ წლების განმავლობაში ინახებოდა წყაროს მიერ მითითებულ ადგილას.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი, ხუთი მჭიდი, 161 ცალი ვაზნა, სამი ხელყუმბარა, სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი ნივთიერება (მათ შორის ტროტილი) და პირველადი დახმარების სამედიცინო საშუალებები.
საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 331-ე პრიმა, 344-ე, 328-ე და 236-ე მუხლებით, რაც ტერორისტულ საქმიანობასა და უკანონო იარაღის შენახვას ეხება.

