APA – თურქეთი საქართველოში, სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას საძიებო-სამაშველო ჯგუფსა და დრონს აგზავნის
სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას თურქეთი საძიებო-სამაშველო ჯგუფსა და დრონს აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს თურქული ბიურო ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოში თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) საძიებო-სამაშველო ჯგუფი მიემართება.
აღინიშნება, რომ ვინაიდან, თვითმფრინავი მთიან რეგიონში ჩამოვარდა, საქართველოში განსაკუთრებული ტიპის სამაშველო ჯგუფი მიემართება.
ამავე ინფორმაციით, თურქეთმა საძიებო-სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად Akıncı -ს დრონი გამოუშვა, რომელიც საძიებო სამუშაოებს რამდენიმე საათში შეუერთდება.
ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

