ახალი ამბები

,,ევროკავშირის ბაზარზე შესვლას სტანდარტების დაკმაყოფილება სჭირდება” – სპეციალისტები

„კვლავაც დამოკიდებული ვართ დსთ-ს ბაზრებზე“, – ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც რატი კოჭლამაზაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირის ბაზრებზე შესასვლელად საჭიროს სტანდარტების დაკმაყოფილება, რასაც დღეს ფერმერების ნაწილი ვერ ახერხებს. ამას ემატება ისიც, რომ ვერ ხდება იმ მოცულობის აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება, რომ ევროკავშირის მსგავსი მასშტაბის ბაზარი დააკმაყოფილოს.

„ევროკავშირის ბაზარი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთხოვნის მქონე ბაზარი. იქ შესვლას სჭირდება იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, რასაც ევროკავშირის ქვეყნები ითხოვენ – დაწყებული წარმოებიდან, დამთავრებული შეფუთვითა და ა.შ. დიდ ბაზრებზე იმიტომაც გვიჭირს გასვლა, რომ ერთგვაროვანი პროდუქცია არ გვაქვს, რაოდენობაც არ გვაქვს საკმარისი და სხვა. ევროკავშირი გვეხმარება კანონმდებლობის დაახლოებისა და შემდეგ უკვე აღსრულების კუთხით, თუმცა ჩვენთან პროცესები არათანმიმდევრულია, იცით რა სიტუაციაც არის ახლა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, ვერ ხდება ისეთი გარღვევის მიღწევა, რომ ევროკავშირში ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე დიდი რაოდენობით გავიდეს.

ამას ემატება ისიც, რომ სანქციების პირობებში რუსეთის ბაზარს ჩვენზე მაღალი მოთხოვნა აქვს. ექსპორტის კუთხით, რუსეთის მოთხოვნები არ არის მკაცრი, ამას ემატება ისიც, რომ მეზობელი ქვეყანაა, ტრადიციული ბაზარია, ტრანსპორტირებაც მარტივია და უფრო მარტივად ხდება იქ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ მოკლევადიან პერიოდში ძალიან არაპროგნოზირებადი ბაზარია, ვართ დამოკიდებული ამ ბაზარზე და არ ვიცით ხვალ ან ზეგ რა მოხდება.

ევროკავშირის შემთხვევაში მოკლე ვადაში ხდება ექსპორტი, თუმცა ვერ ხდება გრძელვადიანი დაგეგმვა, რადგან არ არის თანმიმდევრულობა, თუნდაც, კანონებს კი ვიღებთ, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა მათი აღსრულება და თანმიმდევრული მიდგომა. შემდეგ როდესაც აღსრულება არ ხდება, ფერმერებს ნაკლები მოტივაცია აქვთ, რომ დიდი ძალისხმევა ჩადონ. შესაბამისად, ხდება ისე, რომ ისევ დამოკიდებული ვართ დსთ-ს ბაზრებზე“, – აღნიშნავს რატი კოჭლამაზაშვილი.

ამასთანავე, რესპონდენტს ვკითხეთ, ევროკავშირთან ბოლო პერიოდში დაზიანებული ურთიერთობების პარალელურად, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ დსთ-ს ბაზარზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდოს:

„კი, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ზრდას, თუ უკვე გაზრდილი არ არის… სამწუხაროდ, ასეთ შედეგამდე მივალთ“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ.