საჯარო მოხელეს პარალელურად საპენსიო ფონდის საბჭოში მუშაობა შეეძლება
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში, რომელსაც ამ კვირაში მიიღებს.
ცვლილებების მიხედვით, საჯარო მოსამსახურის მიერ საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობის დაკავების შეზღუდვის გამონაკლისს დაემატება საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის პოზიცია.
ცვლილება განსაზღვრავს, რომ საჯარო სამსახურში მმართველობითი ან სათათბირო ფუნქციის განხორციელების მიზნით შექმნილ სხვა კომისიებსა და საბჭოებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების არაანაზღაურებადი საქმიანობა აღარ ჩაითვლება თანამდებობრივ შეუთავსებლობად.
ცვლილება ასევე ითვალისწინებს, რომ საჯარო სამსახურში მმართველობითი ან სათათბირო ფუნქციის განხორციელების მიზნით შექმნილ კომისიებსა და საბჭოებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების არაანაზღაურებადი საქმიანობა აღარ ჩაითვლება თანამდებობრივ შეუთავსებლობად.
კანონპროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინიციატორი კი – საქართველოს მთავრობა.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ინიციატივის მიზანია არსებული ნორმატიული შეზღუდვების მოხსნა და პრაქტიკაში შექმნილი საჭიროების დაკმაყოფილება, როცა საჯარო მოხელეები სხვადასხვა საბჭოში მონაწილეობენ თავიანთი პროფესიული გამოცდილების გაზიარების მიზნით.
ცვლილებები ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.

