პური გაძვირდა – რა იქნება შემდეგი?!
საქართველოში პური გაძვირდა. მაღაზიებში ფასი უკვე, სულ ცოტა, 10 თეთრით არის მომატებული. პურის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ გაძვირება ყველა სახეობის პროდუქტს არ შეხებია. რატომ გაძვირდა პური, რას გამოიწვევს ეს და რა მოლოდინები არსებობს ამ კუთხით, ამ საკითხებზე ეკონომიკის პროფესორს სოსო არჩვაძეს ვესაუბრებით.
– პური ისეთი პროდუქტია, რომლის ჩანაცვლება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ცომეულის მოხმარება, ეს იქნება პური თუ სხვა საკონდიტრო ნაწარმი, მაინც უკავშირდება ხორბალს და ხორბლის მთლიან მოხმარებას და ქვეყანაში, სადაც მოხმარების მეოთხედზე ნაკლები იწარმოება და დანარჩენად იმპორტზეა დამოკიდებული, ცხადია, ფასები დიდწილად საერთაშორისო კონიუნქტურაზე ხდება დამოკიდებული. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ბოლო დრომდე 9/10-ზე მეტი და უფრო მაღალი ციფრის დასახელებას ვერიდები, რუსეთიდან არის შემოტანილი. ჩვენგან განსხვავებით, აზერბაიჯანსა და სომხეთში თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გაცილებით მაღალია. ცხადია, მათაც შეაქვთ მარცვლეული იმპორტით, მაგრამ ადგილობრივ წარმოებასთან შედარებით, ეს პროპორციები უკეთესია. ამიტომ აქ დგება საკითხი, რამდენად არის ქვეყნის შიდა ბაზარი დაცული გარე ფაქტორებისგან, რათა მსოფლიო ბაზარზე კონიუნქტურის ცვლილების შემთხვევაში, შევძლოთ ჩვენი შიდა მოხმარების მოთხოვნის ისე დაკმაყოფილება, რომ მოსახლეობა არ დავაზარალოთ.
ეს არ არის ერთი და ორი დღის ამოცანა, შრომატევადი პროცესია და ამას სჭირდება მძლავრი სახელმწიფოებრივი დაფინანსება, მხარდაჭერა, ინვესტიციები და რაც მთავარია, გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. გავიხსენოთ ერთი ფაქტი: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე აზერბაიჯანის ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმდა, გრძელვადიანი იჯარით აეღო მილიონი ჰექტარი შავმიწანიადაგიანი ზოლი უკრაინის ტერიტორიაზე აზერბაიჯანისთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისთვის. ეს შეთანხმება ჩაიშალა, რადგან ომი დაიწყო და ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი დღეს დანაღმულია, მაგრამ საკმაოდ კარგი ფაქტია იმის დასანახავად, თუ რა თამამ ნაბიჯებს დგამენ ჩვენი მეზობლები, რათა მოსახლეობის უზრუნველყოფა სათანადო დონეზე აიყვანონ.
მეორე საკითხია, რომ იგივე პრობლემა დგას სხვა პროდუქტებთან დაკავშირებითაც. იგივე შეიძლება ითქვას ხორცსა და ხორცპროდუქტებზე, აქაც დიდწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ცოტა ხნის წინ კონფერენციაზე მოვიტანე ინფორმაცია, მოსახლეობა მთლიანად რომ დაკმაყოფილდეს ხორცისა და ხორცპროდუქტების რაციონალური მოხმარების ფარგლებში, ახლანდელი ფასების პირობებში დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარი გვინდა წელიწადში. საუბარია მხოლოდ ხორცსა და ხორცპროდუქტებზე.

