საგარეჯოელი ხელოვანის მიერ პოლიმერული თიხით შექმნილი ხელნაკეთი ნივთები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ცხოვრები 39 წლის ნათია სოლომონია პროფესიით იურისტია, თუმცა საკუთარი პროფესია ხელს არ უშლიდა, რომ ბავშვობის საყვარელი საქმე ბიზნესად ექცია. როგორც თავად ამბობს, ხელოვნება, სხვადასხვა ნივთების გაკეთება ან გალამაზება ბავშვობიდან ძალიან მოსწონდა. სწორედ ამან გადააწყვეტინა წლების შემდეგ საყვარელი საქმის შემოსავლის წყაროდ ქცევა.
როგორც ნათია ამბობს, მის შვილს კლასელისთვის საჩუქრის გაკეთება სურდა, სწორედ შვილის დასახმარებლად შექმნა პირველი ნამუვარი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა აღნიშნული საქმიანობის დაწყება და დღეს მისი ნამუშევრები ყველას მოწონებას იმსახურებს.
ნათია განმარტავს, რომ ამ დროისთვის პოლიმერული თიხით მუშაობს და ამზადებს სხვადახვა სახის სუვენირებს.
,,საქმიანობის დაწყების იდეა გაჩნდა ერთი წლის წინ. ჩემს შვილს უნდა გაეკეთებინა საჩუქარი კლასელი გოგოსთვის და დავიწყეთ ფიქრი რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ შეგვეკვეთა თოჯინით გაფორმებული ფინჯანი და აგრეთვე გვესარგებლა საკურიერო მომსახურებით. სამწუხაროდ შეკვეთას დააგვიანდა, რადგან სადღესასწაულო დღეები იყო. ამან ჩემში რაღაც გადატრიალება მოახდინა, შევიძინე პლასტელინი და გამოვძერწე მსგავსი თოჯინა. არ გამიჭირდა, რადგან ბავშვობაში კარგად ვხატავდი, ვაფორმებდი და ვქმნიდი სხვადასხვა დეკორაციებს.
ნამუშევარი იმდენად კარგი გამოვიდა, რომ მეც კი მიჭირდა დაჯერება რომ ეს ყველაფერი ჩემი ხელებით იყო შექმნილი.
ამის შემდეგ დავიწყე ინტერნეტით ინფორმაციის მოძიება მასალაზე, ხელსაწყოებზე, სამუშაო ტექნიკაზე , პარალელურად დავიწყე ვიდეო გაკვეთილების ყურება.
საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის კრიტიკულად ვარ განწყობილი და მეტს მოვითხოვ. აქედან გამომდინარე, მივხვდი რომ ყველა ჩემს კითხვას ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია ვერ გასცემდა ამომწურავ პასუხს და ვიპოვე ადამიანი, რომელმაც მომცა სწორი მიმართულება. მან შემასწავლა თიხაზე მუშაობის ტექნიკა. გაგიკვირდებათ და ეს იყო ის ადამიანი, ვისგანაც გამოწერილი ფინჯანი კურიერმა თავის დროზე ვერ მომიტანა. სწორედ ხელოვან ია გელაშვილის დამსახურებაა, რომ მე დღეს თიხაზე ვმუშაობ. ეს იყო ბედისწერა, რომელმაც თიხა ჩემი ცხოვრების ნაწილად აქცია’’,– აცხადებს ნათია.
ნათია იხსენებს, რომ მისი პირველი ნამუშევარი იყო პოლიმერული თიხისგან შექმნილი ყვავილი, რომელსაც დღემდე ინახავს. ამ ეტაპზე ხელოვანი ნამუშევრებით აფორმებს ფინჯნებს, ლამბაქებს, სხვადასხვა სახის ჭურჭელს, ქმნის თმისსამაგრებს და სამკაულებს.
,,ჩემი პირველი ნამუშევარი იყო ყვავილი, რომელსაც დღემდე ვინახავ. ის მახსენებს ჩემს პირველ ნაბიჯებს. ძირითადად ვაფორმებ ფინჯნებს, ლამბაქებს, სხვადასხვა სახის ჭურჭელს, ვაკეთებ სამკაულებს, სუვენირებს, თმისამაგრებს. აგრეთვე ვმუშაობ საბავშვო ხაზზე და ვძერწავ დისნეის გმირებს. ძირითადი მოთხოვნა უფრო ფინჯნებზე და თმისსამაგრებზეა. მასალას ნამუშევრების დასამზადებლად ძირითადად ვიწერ ქართული და უცხოური საიტებიდან. ასევე არსებობს ობიექტები, სადაც შეგიძლია მიხვიდე და შეარჩიო სასურველი ნივთი’’,- აღნიშნავს ნათია.
ხელოვანი განმარტავს, რომ დღეს მის ნამუშევრებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. რაც შეეხება კონკრეტული ნივთის დიზაინს, ის მომხმარებელთან ერთად არჩევს.
როგორც ნათია განმარტავს, მას აქვს შექმნილი სოციალური გვერდი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საკუთარ ნამუშევრებს აცნობს. ასევე აღნიშნული გვერდის საშუალებით ახდებს შეკვეთების მიღებას.
,,ჩემს ნამუშევრებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. რაც მთავარია, არ ვიყენებ საღებავებს. სხვადასხვა ფერის თიხის შერევით ვიღებ სასურველ ფერს, რაც მის მდგრადობას განაპირობებს. დიზაინს როგორც წესი მომხმარებელი უნდა არჩევდეს მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ამას ერთობლივად ვწყვეტთ. რეალიზაცია ჩემთვის პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს, უფრო მეტს კი ფიზიკურად ვერ დავამზადებ, რადგან თიხაზე მუშაობა დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. პოლიმერულ თიხაზე მომუშავე ადამიანი უნდა იყოს ორიენტირებული ხარისხზე, მომხმარებლოს კმაყოფილებაზე და არა რაოდენობაზე. მქონია შემთხვევები, რომ ჩემი ნამუშევრები საზღვარგარეთ გავგზავნე. საჩუქრად წაიღეს იტალიაში ფინჯანი და მეორე დღესვე მთლიანი ნაკრები შემიკვეთეს.’’
ნათიას თქმითვე, ის ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებსა და გამოფენებში და განმარტავს, რომ ეს საკუთარი ნამუშევრების პოპულარიზაციაში ეხმარება
,,ხშირად მიმიღია მონაწილეობა გამოფენაში და ვთვლი, რომ ხელოვანი ადამიანისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, რომ ახლოდან ნახოს მომხმარებელმა ნამუშევარი. სამომავლოდ ვგეგმავ ჩემი ცოდნა გავუზიარო ბევრ ადამიანს, მათ ვინც იცის ხელოვნების და ხელნაკეთი ნივთის ფასი. კიდევ უამრავი გეგმები მაქვს და მჯერა რომ სისრულეში მოვიყვან’’,- აცხადებს ნათია.