რაში ხარჯავს მოსახლეობა ყველაზე მეტ ფულს
საქართველოში საარსებო მინიმუმი პროდუქტების ფასების შესაბამისად იცვლება, რომელიც გამოითვლება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე.
საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების (დენის+გაზის+წყლის) ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება, ტელეკომუნიკაციის ღირებულება, ჯანდაცვის სერვისების და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების მინიმალური საარსებო რაციონის ღირებულებას ეფუძნება.
,,საარსებო მინიმუმი ჰქვია, მაგრამ ეს მინიმუმიც არ არის. ჩემს გარშემო ხალხი ძირითადად, საკვებსა და წამლებში ხარჯავს ფულს. დღიური სამუშაოებიც სეზონურია და არის თვეები რომ საერთოდ შემოსავალი არ გვაქვს. თან, ვირუსების სეზონია და წამლებიც იმაზე მეტი ფული გვეხარჯება, ვიდრე სხვა დროს. საარსებო მინიმუმი არაფერში არ არის საკმარისი”, – ამბობს ნუნუკა მოისწრაფიშვილი.
მოსახლეობა ყურადღებას ამახვილებს მოახლოებულ ზამთრის პერიოდზე და ამბობს, რომ გადასახადები ბევრად მეტია ვიდრე წელიწადის სხვა დროს.
,,ზამთარი მოდის და კომუნალურ გადასახადებშიც გაცილებით მეტი ფულია საჭირო. მოსახლეობა ზოგი შეშით თბება და ზოგი გაზით, ორივე საკმაოდ ძვირია. ხალხი ნელ-ნელა უფრო ღარიბი ხდება და საარსებო მინიმუმი არ იზრდება. შრომა არ მეზარება, მაგრამ ვერსად ვსაქმდები. ზოგი ოჯახი ზამთრის დღეებს გათბობის გარეშე ატარებს, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელია. ხელფასები დაბალია და არც დღიური სამუშაოებია მუდმივი რომ შემოსავალი გვქონდეს ვისაც მუშაობა შეგვიძლია. ვისაც არც პენსია აქვს და არც ფიზიკური შრომა შეუძლია, ისინი წამლებსაც ვერ იყიდიან. ზამთრის მოსვლა თითქმის არავის უხარია რადგან კომუნალური გადასახადები ძვირი გვიჯდება. ყველაზე მეტი ფული მაინც საკვებსა და წამლებში იხარჯება ხოლმე”.
რა „აწყვია“ ამ კალათაში, ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანება განსაზღვრავს და მასში 40 დასახელების პროდუქტია შეყვანილი, ყოველდღიური ულუფების მითითებული რაოდენობებით:
250 გრამი პური
70 გრამი ხორბლის ფქვილი
40 გრამი სიმინდის ფქვილი
40 გრამი ხორცი
40 გრამი თევზი
25 გრამი მაწონი
15 გრამი ხაჭო
50 გრამი სხვადასხვა დასახელების ხილი და ა.შ.
პროდუქტების წონები პირობითად ისეა გადანაწილებული, რომ დღეში 2300 კილოკალორია უნდა გამოვიდეს.
საქსტატის ფასების სტატისტიკის დეპარტამენტი
40 პროდუქტის ფასს ყოველთვიურად ითვლის საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში;
ამ მონაცემებზე დაყრდნობით ითვლის თითოეული პროდუქტის საშუალო ფასს მთელ ქვეყანაში;
და ბოლოს, ითვლის მინიმალური სასურსათო კალათის თვიურ ღირებულებას.
მე-20 წელია, ამ კალათაში ერთი და იგივე აწყვია, თუმცა წლებისა და თვეების განმავლობაში იცვლება პროდუქტების ფასები.
სტატისტიკის სამსახური 20 წელზე მეტია, ერთი და იმავე მეთოდოლოგიით ითვლის საარსებო მინიმუმს. წლებია, ექსპერტები, სოციალური პოლიტიკის მკვლევრები და სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ეს მეთოდოლოგია მოძველებულია.

