ჩინეთის ბაზარზე ჩვენს ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს – Chelti Winery
მალე Chelti Winery / მეღვინეობა “ჩელთი” ჩინეთში გამართულ საერთაშორისო გამოფენებზე წარდგება.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი აცხადებს, კომპანია საერთაშორისო ბაზრებზე საკმაოდ აქტიურობს და სხვადასხვა ღონისძიებებში სისტემატურად იღებს მონაწილეობას.
მისი თქმით, ჩინეთში “ჩელთის” ღვინოებზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ერთი თვის წინ კომპანიამ მონაწილეობა მიიღო გამოფენაში და მიღებულ შეკვეთებს უკვე მომესახურა კიდეც.
„ჩინეთში გავხსენით საკუთარი საწყობი. აქამდე ჰაბი გვქონდა მხოლოდ გერმანიაში, ახლა კი უკვე აზიაშიც ვართ წარმოდგენილი. ჩინეთში გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით, რადგან ეს საწყობი საშუალებას მოგვცემს, ადგილობრივად მოვემსახუროთ მცირე შეკვეთებს, მაშინ როცა თბილისიდან მათ გაგზავნა საკმაოდ რთულია“, – განმარტავს მირიანაშვილი.
მისივე თქმით, ჩინეთის უზარმაზარი ბაზარი დიდ შესაძლებლობებს ქმნის.
„ჩინეთში ჩვენს ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს – უზარმაზარი ბაზარია და სწორი ნაბიჯებითა და მენეჯმენტით, ქართული პროდუქტი მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს“, – ამბობს ანა მირიანაშვილი.

