„ცივის ყველი“ საექსპორტო არეალის გაფართოებაზე მუშაობს
ცივის ყველი -Tsivis Kveli, რომელსაც ოპერირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, საექსპორტო არეალის გაფართოებაზე მუშაობს.
როგორც Business Insider Georgia-სთან „ცივის ყველის“ წარმომადგენელმა ნიკა ღაღაშვილმა განაცხადა, ყველის ექსპორტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და ჩინეთთან. რაც შეეხება აშშ-ში „ცივის ყველის“ ექსპორტს, წელს ზრდა 15%-ის დონეზეა.
„მიმდინარე წელს აშშ-ში ექსპორტის კუთხით ზრდა გვქონდა – მცირე, მაგრამ მაინც ზრდა იყო. ჩვენი პროდუქცია აშშ-ში ერთ-ერთ იმპორტიორ კომპანიას შეაქვს და შემდეგ თავად ანაწილებს ქსელში. აშშ-ში გადის: ტრადიციული ქართული ყველი, სულგუნი, შებოლილი სულგუნი, დაწნული ყველი, ჩხირები და ერთ-ერთი ჩვენი იმპროვიზაცია – სულგუნი შავ ღვინოში.
ექსპორტთან დაკავშირებით ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები დუბაიში და ჩინეთთან. ჩინეთში შებოლილ ყველზე არის მოთხოვნა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საქართველოს ბაზარზე გვქონდეს კონცენტრაცია, თუმცა საექსპორტო მოთხოვნასაც ვაკმაყოფილებთ“, – განმარტავს ნიკა ღაღაშვილი.
„ცივის ყველი“ დღეისათვის ძალიან ბევრ ობიექტში იყიდება. კომპანიას პროდუქცია შეაქვს „კარფურშიც“. „ცივის ყველი“ ბაზარზე 7 სახეობის ყველითაა წარმოდგენილი და თითო სახეობა დაახლოებით 10 ნაირსახეობას აერთიანებს. „ცივის ყველის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანია ხარისხზეა ორიენტირებული და ამიტომ ნედლეულს, ანუ რძეს საშუალო და დიდი ზომის ფერმებიდან იბარებს.
დღეისათვის საწარმო თვეში 3-დან 3.5 ტონამდე ყველს აწარმოებს, თუმცა პოტენციალი დაახლოებით 10 ტონა ყველია. „ცივის ყველი“ საწარმოო პროცესის გასაცნობად ვიზიტორებსაც იღებს და ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს ტურისტულ კომპანიებთან. უცხოელ სტუმრებსაც აქტიურად მასპინძლობს.

