იანვრიდან ასაკობრივი პენსია 370 ლარი გახდება
იანვრიდან ასაკობრივი პენსია 370 ლარი გახდება, 70 წელს ზემოთ პენსიონერები კი 495 ლარს მიიღებენ. აღნიშნულ ინფორმაციას 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტზე დაყრდნობით, ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები, დაახლოებით, 48 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში, 9 მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს.
„მომდევნო წელს, 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 370 ლარის, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის მქონე პირთა პენსია 495 ლარის ოდენობით.
მაღალმთიან დასახლებებში პენსია შესაბამისი კატეგორიებისთვის იქნება 444 ლარი და 594 ლარი,“ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობითვე, ჯამში, მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებზე გათვალისწინებულია 6 მილიარდ 930 მილიონ ლარზე მეტი.
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება დამატებით იზრდება 12 მილიონ ლარზე მეტით და პროგრამის ბიუჯეტი 124 მილიონ ლარს აჭარბებს. 2025 წელთან შედარებით, პროგრამის დაფინანსება, ჯამურად, გაზრდილია 29 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობით.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები დამატებით იზრდება 183 მილიონ ლარზე მეტით და 2 მილიარდ 220 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული. აღნიშნული პროგრამის დაფინანსება 2025 წლის ბიუჯეტთან შედარებით, ჯამურად, გაზრდილია 360 მილიონ ლარზე მეტით.
ამასთან, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის ხელფასების ზრდა,“ – ვკითხულობთ ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

