ახალი ამბები

საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება

კახეთის ავტომაგისტრალის 17-კილომეტრიანი საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი 2026 წელს გაიხსნება – ამის შესახებ BMG-ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს.

გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა და ის მსოფლიო ბანკის მიერ 276.8 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოებს თურქული საინჟინრო კომპანია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret-ი ასრულებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტზე ბიუჯეტის ათვისება გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. 2023 წელს პროექტზე 76 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2024 წელს მასზე 110 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ გეგმა შეიცვალა და ფაქტობრივმა ათვისებამ 47 მილიონი ლარი შეადგინა, შესაბამისად, 2023-2024 წლებში ფაქტობრივი ათვისება 123 მილიონი ლარი იყო. 2025 წლის 10 თვეში კი ბიუჯეტის ათვისებამ 72.7 მილიონი ლარი შეადგინა, ამასთან წელს პროექტზე 80 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა, შესაბამისად მიმდინარე წლის ბიუჯეტი თითქმის ათვისებულია, 2026 წელს კი პროექტის დასრულებისთვის 50 მილიონი ლარის სამუშაოები არის დარჩენილი.

პროექტის ფარგლებში შენდება 4 ხიდი, 8 გზაგამტარი და 86 წყალგამტარი მილი. პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია საპროექტო მონაკვეთის მიმდებარედ არსებული ადგილობრივი საგზაო ქსელის გაუმჯობესება და მისი აღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირება.

2024 წელს უკვე გაიხსნა კახეთის ახალი ავტომაგისტრალის 35-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის მშენებლობაც 527 მილიონი ლარი დაჯდა.

2024 წელს ასევე გაიხსნა ბაკურციხე წნორის 18-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთიც, რომელიც ADB-ის დაფინანსებით აშენდა. პროექტი ADB-ის მიერ 87.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.

2026 წლიდან დაგეგმილია ბადიაური-ბაკურციხის 32-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოების დაწყება, რომელზეც 2026 წელს 60 მილიონი ლარის, 2026-2029 წლებში კი ჯამურად 576 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.