ახალი ამბები

კახეთში შატო „ვაინ ერა“ გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანში, შატო “ვაინ ერა” გაიხსნა. მულტიფუნქციური კომპლექსი 14-ნომრიან სასტუმროს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის საწარმოსა და ქართული და ევროპული ჯიშის ვენახებს აერთიანებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 14 მილიონ ლარს აჭარბებს, საიდანაც 5 მილიონამდე ლარი თიბისის დაფინანსებაა. ბანკის მხარდაჭერით, “ვაინ ერა” ასევე ჩართულია სახელმწიფო სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” და “სოფლის განვითარების სააგენტოს” სესხის თანადაფინანსების პროგრამებში.

რესტორნები, საკონფერენციო და მოსასვენებელი სივრცეები სტუმრებს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს.

16 ჰექტარზე გაშენებულ ვენახში კომპანიას მოჰყავს საფერავი, მერლო, სირა, კაბერნე სოვინიონი და სოვინიონ ბლანი. ვენახები სრულად წვეთოვანი სისტემით ირწყვება ტერიტორიაზე მოწყობილი ხელოვნური ტბის მეშვეობით. ტექნოლოგია ვაზს იცავს ზედმეტი დატენიანებისა და გამოშრობისგან, რაც პროდუქტის ხარისხზეც აისახება.

„ვაინ ერას“ ღვინის საწარმო 400 ტონაზე მეტი ყურძნის მიღებასა და გადამუშავებას შეძლებს. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით წარმოებული იტალიური მანქანა-დანადგარებითა და ყურძნის გადამმუშავებელი ხაზით. სამომავლოდ კომპანია დამატებით 17 ჰა-ზე ვენახების გაშენებასა და წარმოების გაზრდას გეგმავს.

“ვაინ ერა” GD ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელთანაც თიბისის 10-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. ჯგუფთან ერთად ბანკს არაერთი მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტი აქვს დაფინანსებული.